ინდოეთი

ინდოეთში მე-8 დღეა ჩამონგრეულ გვირაბში ჩარჩენილი 41 მუშის გადარჩენას ცდილობენ

AP Photo

ინდოეთის უტარახანდის შტატში მერვე დღეა ჩამონგრეულ მშენებარე გვირაბში ჩარჩენილი 41 მუშის გადარჩენას ცდილობენ.

სამაშველო ოპერაციის მე-8 დღეს ოფიციალურმა პირებმა მუშების გადასარჩენად ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს, რადგან საბურღი მანქანა, რომლითაც ჩამონგრეული გვირაბიდან ადამიანების გამოსაყვანად საკმარისი სიგანისა და სიგრძის ღრმულის გაკეთებას ცდილობდნენ, გაფუჭდა.

ინდოეთის კატასტროფების მართვის სამსახურის წარმომადგენლის, დევენდრა პატვალის თქმით, უკვე გამოუსადეგარი დანადგარით გვირაბის ნანგრევებში 24 მეტრი სიგრძის გაბურღვა შეძლეს, თუმცა მუშების გამოსაყვანად, სულ მცირე, 60 მეტრის გაბურღვა იქნება საჭირო.

შაბათს, 18 ნოემბერს გაფუჭებული საბურღი მანქანის შესაცვლელად ადგილზე ახალი მანქანა მიიყვანეს, თუმცა, მთავრობის სპიკერის, დიპა გაურმის თქმით, ის ახლა შეიძლება სხვა მიზნით გამოიყენონ.

როგორც გაურიმ აღნიშნა, მთავრობა განიხილავს ახალი მანქანით იმ ბორცვის ზემოდან გაბურღვას, რომლის ქვეშაც მუშები ჩამონგრეულ გვირაბში არიან ჩარჩენილები. მისივე თქმით, ამ მეთოდით ადამიანების დასახსნელად დამატებით 4 ან 5 დღე იქნება საჭირო.

12 ნოემბერს 4.5-კილომეტრიანი გვირაბის ჩამონგრევა მეწყერმა გამოიწვია.

კომენტარები