ინდოეთი

ინდური მედია: ინდოეთი ქაშმირში ოთხ კონტრტერორისტულ ოპერაციას ატარებს

ინდური გამოცემა New Delhi საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ინდოეთი ბოლოდროინდელი ტერაქტის ფონზე ქაშმირში ოთხ კონტრტერორისტულ სპეცოპერაციას ატარებს, მათ შორის ორი აქამდე დაწყებული ოპერაციების გაგრძელებაა, დანარჩენი ორი კი სამხრეთ ქაშმირში მიმდინარეობს. 

ამის შესახებ New Delhi თანამდებობის პირებზე დაყრდნობით წერს. 

გამოცემის წყაროების თანახმად, ერთობლივ ოპერაციაში ინდოეთის არმიის ერთეულები და ჯამუსა და ქაშმირის რეგიონის პოლიცია მონაწილეობს, განსაკუთრებული ყურადღება კი სამხრეთ ქაშმირის ტერიტორიას ეთმობა.

New Delhi წერს, რომ საფრთხის შემცველ ტერიტორიებზე დაახლოებით 50 საჯარო პარკი დაიხურა. 

ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ინდოეთმა ქაშმირში ტურისტული ადგილების უმეტესობა დახურა

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს ინდოეთის ჩრდილოეთში, ჯამუსა და ქაშმირის რეგიონში ტერორისტების ჯგუფმა ტურისტებს ცეცხლი გაუხსნა.

რამდენიმე იარაღით შეიარაღებულმა პირმა ტურისტების ჯგუფს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. ბოლო მონაცემებით, ტერორისტული აქტის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.

გარდა ამისა, სროლის შედეგად დაშავდა მინიმუმ 10 ადამიანი.

ინდოეთის შეიარაღებულმა ძალების განცხადებით, 28 აპრილს ქაშმირის პროვინციის საზღვარზე პაკისტანის ტერიტორიიდან დაწყებულ მცირე სროლას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

ინდოეთის უსაფრთხოების ძალებმა ქაშმირში ფართომასშტაბიან სამძებრო ოპერაცია ჩაატარეს. სამართალდამცავების ინფორმაციით, შემოწმდა 1 000-მდე სახლი და დაიკითხა 500 მოქალაქე.

ინდური მხარის მტკიცებით, თავდასხმაში მონაწილე ორი პირი პაკისტანელია, თუმცა ოფიციალური ისლამაბადი თავდასხმაში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს.

პაკისტანის არმიის მტკიცებით, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში 54 ისლამისტი მებრძოლი მოკლა, რომლებიც პაკისტანში ავღანეთის საზღვრიდან ცდილობდნენ შეღწევას.

"ქაშმირის წინააღმდეგობის მოძრაობა", რომელმაც თავდაპირველად თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო, პლატფორმა X-ზე წერს, რომ მათი თავდაპირველი განცხადება კიბერთავდასხმის შედეგი იყო და 22 აპრილის თავდასხმასთან კავშირი არ აქვთ.

მანამდე, პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქაშმირის პროვინციაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის ნეიტრალურ გამოძიება მოითხოვა.

ცნობისთვის, ინდოეთისა და პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა 26 აპრილს ქაშმირის პროვინციის საზღვარზე ერთმანეთს მორიგჯერ გაუხსნეს ცეცხლი.

ინდოეთის არმიის განცხადებით, მათ "პროვოკაციის გარეშე" დაწყებულ სროლას უპასუხეს, რომელიც 25 აპრილის ღამეს პაკისტანის რამდენიმე სამხედრო პოსტიდან დაიწყო.

ინდოეთის არმიამ ასევე განაცხადა, რომ პაკისტანის ჯარებმა ცეცხლი 24 აპრილსაც გახსნეს. ინდოეთის მხარეს მსხვერპლი არ აღრიცხულა.

მანამდე, ინდოეთის შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალი უფენდრა დვივედი უსაფრთხოების მდგომარეობის შესასწავლად ქაშმირის პროვინციაში ჩავიდა, სადაც 22 აპრილს ტურისტებზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევის შემდეგ პაკისტანმა ინდური ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დახურა.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიკრამ მისრის თქმით, ინდოეთმა ასევე შეაჩერა ინდის წყლის შეთანხმებაში მონაწილეობა, რომელიც პაკისტანს რამდენიმე მდინარის წყლების გამოყენების უფლებას აძლევს.

ინდოეთი პაკისტან მოუწოდებს შეწყვიტოს "საზღვრისპირა ტერორიზმის მხარდაჭერა" – რასაც ოფიციალური ისლამაბადი კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები