ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ღაზის სექტორიდან მოქალაქეების ნაწილის ევაკუაციის შესახებ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა

კატარის მედიაციით და აშშ-ს კოორდინაციით ეგვიპტეს, ისრაელსა და ჰამასს შორის, ღაზის სექტორიდან მოქალაქეების გარკვეული ნაწილის ევაკუაციის შესახებ შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters საკითხის მცოდნე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეთანხმების შედეგად, რაფაჰის გამშვები პუნქტიდან ღაზის სექტორის დატოვებას შეძლებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მძიმედ დაჭრილთა ნაწილი, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დარჩება სასაზღვრო გამშვები პუნქტი ევაკუაციისთვის ღია.

ეგვიპტემ სინაის ნახევარკუნძულზე დაჭრილებისთვის საველე ჰოსპიტლი მოამზადა. რაფაჰის გამშვები პუნქტის გავლით კი ეგვიპტიდან ღაზაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 10 მანქანა უკვე შევიდა.

ამავდროულად, წყარო აღნიშნავს, რომ შეთანხმება არ ეხება სხვა მოლაპარაკების საკითხებს, როგორებიცაა ჰამასის მიერ მძევლების გათავისუფლება ან ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები