საქართველოს პარლამენტი

შეიქმნება სამსახური, რომელიც გზაზე პირუტყვის გადასვლის პრევენციასაც უზრუნველყოფს

ახალი კანონპროექტით, საავტომობილო გზების დეპარტამენტში შეიქმნება სამსახური, რომელიც საავტომობილო გზებსა და მაგისტრალებზე ნარჩენების მართვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს გამოავლენს. სამსახური მათ შორის უზრუნველყოფს პირუტყვის გზებზე გადასვლის პრევენციას. ივანიშვილის მთავრობის ინიციატივით, ცვლილებები ნარჩენების მართვის კოდექსში შედის.

კანონპროქტის თანახმას,საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამის თანამშრომლებს მიენიჭებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენის უფლებამოსილება, იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა ჩადენილია დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან მის შემადგენელ ნაწილზე.

"ამასთანავე, განსაზღვრულია, რომ დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ აღნიშნული სამართალდარღვევების საქმეთა განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება, როდესაც სამართალდარღვევა ჩადენილია სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ან როდესაც უფლებამოსილი პირი უშუალოდ შეესწრება და დააფიქსირებს სამართალდარღვევის ფაქტს. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება საჯარიმო ქვითრის ფორმისა და მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დადგენის შესაძლებლობა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ. შედეგად, იქმნება სამართლებრივი საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მის მართვაში არსებულ საავტომობილო გზებზე ნარჩენების მართვის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ეფექტიან გამოვლენასა და სამართლებრივ რეაგირებას". - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას, ილია ინჯიამ ივანიშვილის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, მზია გიორგობიანს ჰკითხა იქნება თუ არა სამსახურის მოვალეობა პირუტყვის გზებზე დგომისა და გადარეკვის პრევენცია, რაზეც გიორგობიანმა დადებითი პასუხი გასცა. 

"რეალურად ვმიჯნავთ ორ ნაწილად - ერთი არის შპს, რომელიც უზრუნველყოფს გზების მოვლა-შენახვას და მეორე იქნება პრევენციის სახით, რომელიც უზრუნველყოფს, მათ შორის, დაბინძურების და ასევე უსაფრთხოების ნაწილს და ამისათვის შეიქმნება უშუალოდ გზების დეპარტამენტში სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს, მათ შორის, ასეთი ტიპის [პირუტყვის გზაზე გადასვლის] ღონისძიებების პრევენციას, როგორიც იქნება ვთქვათ პირუტყვის გადარეკვისათვის სპეციალურ ტრასებზე თუ არ არის გადარეკვა ამის პრევენცია მოახერხოს". - განაცხადა ივანიშვილის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.

კანონპროექტის თანახმად, ახალი სამსახური დაკომპლექტდება 25 თანამშრომლით. საშუალო თვიური სახელფასო ფონდი შეადგენს 120 000 ლარს. დამატებითი ხარჯები მოიცავს: საწვავის ხარჯი - 300 000 ლარი წელიწადში; მოვლა-შენახვის ხარჯი - 350 000 ლარი წელიწადში; აღჭურვილობა - 50 000 ლარი.

"აღნიშნული რესურსი აუცილებელია ინსპექტირების, მონიტორინგისა და ადმინისტრაციული წარმოების სრულფასოვანი განხორციელებისათვის, მათ შორის 6 000 კმ საავტომობილო გზის ქსელის სისტემური
კონტროლის პირობებში" - წერია განმარტებით ბარათში. 

კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი სამართალდარღვევის შემოღებას, განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებებით საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამის თანამშრომლებს უფლებამოსილება ექნებათ დააჯარიმონ პირები ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისი მუხლების დარღვევის შემთხვევაში, მაგალითად, ფანჯრიდან ნაგვის გადაყრის და სხვ.

კომენტარები