საქართველოს პარლამენტი

კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ

ივანიშვილის წარმომადგენლის ირაკლი კობახიძის ინტერპელაციის წესით მოსმენისას პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ შენობაში ვიზიტორებსა და ონლაინმედიას არ შეუშვებენ. შესაბამის ბრძანებას ხელს ივანიშვილი პარლამენტის თავმდჯომარე, შალვა პაპუაშვილი აწერს. 

"დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე". - წერია განცხადებაში. 

უწყების მტკიცებით, "​აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა".

ონლაინმედის მიმართ შეზღუდვა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, პირველად გასული წლის 15 აპრილს ამოქმედდა. ინტერნეტ გამოცემებს პარლამენტში არც ერთ მნიშვნელოვან განხილვაზე დასწრების საშუალება არ მისცემიათ.  

კომენტარები