3+3 ფორმატი

"პლატფორმა საქართველოსთვის ღიაა" – თეირანში 3+3 ფორმატში მინისტრების შეხვედრა გაიმართა

სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თეირანში 3+3 ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, 2023 წლის 24 სექტემბერი
Russian Ministry of Foreign Affairs

თეირანში სამხრეთ კავკასიის საკითხზე 3+3 ფორმატში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა საბოლოო განცხადება, რომელშიც წერია, რომ "პლატფორმა ღიაა საქართველოს თანაბარი მონაწილეობისთვის".

ამასთან, დოკუმენტში სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ისრაელი-ჰამასის ომზეცაა საუბარი.

"მინისტრებმა აზრები გაცვალეს ღაზას სექტორში არსებულ ვითარებაზე. მათ ხაზი გაუსვეს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას". - წერია განცხადებაში.

TASS-ის ცნობით, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ იმუშაონ კავკასიის "რეგიონის გრძელვადიანი მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების გასაძლიერებლად", ასევე გააგრძელონ კონსულტაციები რეგიონულ პლატფორმაში მონაწილე ყველა ქვეყანას შორის "ურთიერთობების ნორმალიზაციისა და განვითარების პროცესების" მხარდასაჭერად.

თეირანში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები - სერგეი ლავროვი, ჰაკან ფიდანი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი. შეხვედრას არ ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი. ქართულმა მხარემ 3+3 ფორმატში მონაწილეობაზე უარი თქვა.


3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა 2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა და მას ქართული მხარე არ დასწრებია. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას თბილისის დელეგაცია არ დაესწრო, მხარეების სხდომის ოთახში აღმართული იყო საქართველოს დროშაც, რაც დაგმო საქართველოს საგარეო უწყებამ. 

პირველი შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 3+3 პლატფორმაში საქართველოსთვის კარი ღია რჩება.

პირველი შეხვედრის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომდევნო სხდომა შესაძლოა თურქეთში ჩატარებულიყო. რუსულ მედიასთან ისაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ და თქვა, რომ 3+3-ის მომდევნო შეხვედრის ჩატარებას თურქეთში ელოდნენ და იმედოვნებდნენ საქართველოს მხარის ჩართვასაც.

2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის, იგივე ე.წ. 3+3 ფორმატის შექმნის იდეა. ეს გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. 

ერდოღანმა ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ გაიმეორა 2021 წლის ივნისში, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს და თქვა, რომ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება რეგიონული კოოპერაციითაა შესაძლებელი და ეს მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება.

2021 წლის მარტში, დავით ზალკალიანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საგანი 3+3 ფორმატიც იყო. შეხვედრის შემდეგ მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მას ესმოდა თბილისის ფრთხილი პოზიცია ამ რეგიონალურ იდეასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

2022 წლის იანვარში სერგეი ლავროვმა კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთი მოხარული იქნება თუ 3+3 ფორმატის მომდევნო შეხვედრა საქართველოს მონაწილეობით გაიმართება.

2023 წლის მარტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ოფიციალური თბილისი ჯერ კიდევ ფიქრობს შეუერთდეს თუ არა 3+3 ფორმატს.

კომენტარები