ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ისრაელსა და ჰამასს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ბორელმა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ისაუბრა.
ბორელმა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული დახმარებით სავსე სატვირთოების კოლონა რეგიონში შესვლის უფლებას ელოდება. მისი თქმით, ამ ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.
"შეხვედრის შედეგებზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ, თუმცა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც მინისტრები იმსჯელებენ. გაეროს გენერალურმა მდივანმა ამისკენ მოგვიწოდა. პირადად მე ვფიქრობ, რომ ჰუმანიტარული პაუზა საჭიროა, რათა ჰუმანიტარულმა დახმარებამ ადგილზე შეაღწიოს და დარიგდეს. ამავდროულად [პაუზა] საჭიროა მძევლების დასაბრუნებლად. ღაზის სექტორიდან ჰამასის სარაკეტო თავდასხმები უნდა შეწყდეს, გატაცებული მძევლები უნდა გათავისუფლდნენ. ეს დეესკალაციისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯის ნაწილია. ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი, როგორ გამოვაცოცხლოთ პოლიტიკური პროცესი. ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაა. ევროკავშირმა გაზარდა მხარდაჭერა, თუმცა. სატვირთოების კოლონა შესვლას ელოდება. ისინი უნდა შევიდნენ, შეიტანონ აუცილებელი პროდუქტები, რომლებიც ადამიანებს სჭირდებათ". - თქვა ბორელმა.
22 ოქტომბერს ისრაელმა დაადასტურა, რომ ღაზის სექტორში ეგვიპტის საზღვარზე მდებარე რაფას გამშვები პუნქტის გავლით ჰუმანიტარული დახმარება შეუშვა. ამას წინ უძღოდა აშშ-ს თხოვნები, დაეშვათ დახმარება ბლოკადაში მოქცეულ ტერიტორიაზე.
ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.
ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.
საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.
ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.