რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: რუსეთის უდიდესმა ნავთოგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა, კიევის იერიშის გამო, შეწყვიტა

ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ სააგენტო Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

6 ივლისს, ციმბირის სიღრმეში მდებარე ქარხანაზე განხორციელებული დარტყმა უკრაინული ძალების ერთ-ერთი ყველაზე შორ მანძილზე მიტანილი იერიშია ომში, რომელიც უკვე მეხუთე წელია გრძელდება. სამიზნე - ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა - უკრაინის საზღვრიდან 2 500 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ქარხნის გაჩერება, რომელიც რუსეთში ბენზინის უმსხვილესი მწარმოებელია, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაამწვავებს საწვავის დეფიციტს ქვეყნის მასშტაბით.

"ორშაბათს განხორციელებული თავდასხმის შედეგად ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ობიექტები დაზიანდა. ქარხნის თანამშრომლები არ დაშავებულან" - განაცხადა 7 ივლისს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელმა ციმბირის ფედერალურ ოლქში, ანატოლი სერიშევმა.

მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს დაზიანების მასშტაბის შეფასება და შესაბამისმა სამსახურებმა აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყეს. თუმცა, სერიშევს არ დაუკონკრეტებია, რა გავლენა იქონია თავდასხმამ ქარხნის მუშაობაზე.

Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა და დაზიანდა პირველადი ნავთობგადამამუშავებელი დანადგარი, რომლის წილზეც ქარხნის საერთო საწარმოო სიმძლავრის დაახლოებით 38% მოდის. მისი გადამუშავების სიმძლავრე დღეში 24 580 ტონასშეადგენს.

სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო სასაქონლო-სანედლეულო ბირჟის მონაცემებით, სამშაბათიდან ომსკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ბირჟაზე ბენზინისა და დიზელის საწვავის გაყიდვა შეწყვიტა.

კომენტარები