უკრაინის პოლიციამ, უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ), დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (ГУР) და გენერალურმა პროკურატურამ დააკავეს ორი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ანასტასია ბერეზოვსკაიას მკვლელობაში. ბერეზოვსკაიას ინტერპოლი ეძებდა. ის ეჭვმიტანილი იყო მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის აფეთქებაში.
ინფორმაცია ბერეზოვსკაიას მკვლელობის შესახებ თავდაპირველად უკრაინსკა პრავდამ გაავრცელა და შემდეგში სამართალდამცველებმა დაადასტურეს. უკრაინელი ქალი ეჭვმიტანელი იყო მონაკოში მომხდარ აფეთქებაში, რომლის შედეგადად სამი პირი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით უკრაინელმა სამართალდამცველებმა გამოძიება 1-ელ ივლისს დაიწყეს. მათი ცნობით, ეჭვმიტანილი უკრაინაში 1-ელ ივლისს ჩამოვიდა და გამოძიების შედეგად დაადგინეს გარემოცვა, რომელთანაც ქალს კავშირი ჰქონდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ უკრაინაში დაბრუნების შემდეგ ქალს კავშირი ჰქონდა ოჯახის წევრებთან და ორ კაცთან, რომელთაგან ერთ-ერთი ყოფილი სამართალდამცველი იყო, მეორე კი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) მოქმედი თანამშრომელი.
ინფორმაციის გათვალისწინებით, რომ ორი მამაკაცი ბერეზოვსკის კრიპტოვალუტის ანგარიშზე ფულს ურიცხავდნენ, გამოძიებამ ისინი მონაკოში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებულ პირებად მიიჩნია. მათ წინააღმდეგ ჩატარდა ჩხრეკა, რომლის დროსაც სამხედრო დაზვერვის მოქმედმა თანამშრომელმა თქვა, რომ მეორე ფიგურანტთან ერთად ბერეზოვსკაია მოკლა. მისივე თქმით, ამ ყველაფერს ის საკუთარი ნებით აკეთებდა და ქმედებები ხელმძღვანელობასთან არ შეუთანხმებია. ამას გარდა, ყოფილი სამართალდამცველის სახლის ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს სარდაფი, რომელიც საწამებელ ოთახს ჰგავდა.
ორივე დაკავებულს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის ბრალდება ემუქრება. ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ჩვენების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ბერეზოვსკაიას ცხედარი და შემთხვევის ადგილზე გასროლილი ტყვიის მასრები აღმოაჩინეს.
უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, საქმეზე არსებული ყველა ინფორმაცია მონაკოს საგამოძიებო უწყებებს უკვე გადაეცა. გენერალური პროკურატურა მონაკოს ხელისუფლებასთან კოორდინაციაში აგრძელებს მუშაობას.
გამოძიება ასევე ცდილობს დაადგინოს, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მონაკოში ბიზნესმენ ვადიმ ერმოლაევზე და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმის შესაძლო დამკვეთი და საქმესთან დაკავშირებული სხვა პირები.
29 ივნისს მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მათ შორის იყვნენ კიევის მიერ სანქცირებული უკრაინელი ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევი და მისი ოჯახის წევრები. 3 ივლისს ინტერპოლმა ანასტასია ბერეზოვსკაია საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა. მონაკოს პროკურატურა მას აფეთქების მოწყობასა და მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილად მიიჩნევდა.
ვადიმ ერმოლაევი სავაჭრო კორპორაცია "ალეფის" დამფუძნებელი და დნიპროში სამშენებლო ბიზნესის უმსხვილესი წარმომადგენელია. წარსულში ის რეგულარულად ხვდებოდა Forbes-ის 100 უმდიდრესი უკრაინელის სიაში, თუმცა შემდეგში მან უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა და კვიპროსის პასპორტი აიღო.
2023 წელს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიიღო ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, დაწესებულიყო 10-წლიანი პერსონალური სანქციები ერმოლაევის წინააღმდეგ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების მიზეზი ოკუპირებულ ყირიმში მისი ალკოჰოლის ბიზნესი იყო. ერმოლაევის კომპანია რუსეთის ფედერაციას გადასახადებს უხდიდა.
ამასთან ერთად, ერმოლაევი იყო უკრაინული მედია Українська правда-ს გამოძიების ფიგურანტი. გამოძიება ეხებოდა უკრაინელ ბიზნესმენებს, ოლიგარქებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც სრულმასშტაბიანი ომის დროს საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე დასახლდნენ.




