ისრაელის ომი ტერორიზმთან

გალანთი: ჰეზბოლასთან ომის დაწყების ინტერესი არ გვაქვს, თუ ამას აირჩევს, ძვირად დაუჯდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანთი

ჰეზბოლასა და ისრაელს შორის დაძაბულობის ფონზე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანთმა თქვა, რომ ჩრდილოეთით ლიბანის საზღვარზე დაპირისპირების ინტერესი არ აქვთ. ინფორმაციას გამოცემა Times of Israel ავრცელებს.

"ჩრდილოეთში ომის დაწყების არანაირი ინტერესი არ გვაქვს, არ გვსურს სიტუაციის ესკალაცია". – თქვა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჰეზბოლა ჰამასის მხარდასაჭერად ომს მაინც დაიწყებს, ეს გადაწყვეტილება "ძვირად დაუჯდება". 

"თუ ჰეზბოლა ომის გზას აირჩევს, ეს ძალიან ძვირად დაუჯდება, მაგრამ თუ თავს შეიკავებს, ორმხრივი სროლის მიუხედავად სიტუაციას პატივისცემით მივუდგებით და ახლანდელ მდგომარეობას შევინარჩუნებთ". – თქვა გალანთმა.

მანამდე, იოავ გალანთმა ირანი, ჰეზბოლა და ჰამასი "ბოროტების ერთ ღერძად" მოიხსენია. 

"ირანი, ჰეზბოლა და ჰამასი ერთი ღერძია, ბოროტების ღერძი. სინამდვილეში ყველაფერი ირანიდან იმართება. ნებართვას გასცემს ირანი, თანხით ამარაგებს ირანი და იდეები ფორმას იძენს ირანში". თქვა გალანთმა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები