ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ილონ მასკის X-მა ჰამასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში წაშალა

AP Photo/Noah Berger, File

ილონ მასკის სოციალური ქსელის, X-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლინდა იაკარინოს თქმით, ჰამასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში გააუქმეს. ამასთან, ისრაელზე ტერორისტების თავდასხმის შემდეგ პლატფორმიდან წაშალეს, ან შესაბამისი იარლიყით აღნიშნეს ათასობით ვიდეო, ფოტო და სხვა მასალა.

"[პლატფორმა] პროპორციულად და ეფექტიანად აფასებს და ადგენს ზომებს იდენტიფიცირებულ ყალბ და მანიპულაციურ კონტენტთან დაკავშირებით ამ მუდმივად განვითარებადი და ცვალებადი კრიზისის დროს... X-ზე ტერორისტული ორგანიზაციებისთვის, ან ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფებისთვის ადგილი არ არის". - დაწერა იაკარინომ EU-ს მოთხოვნის პასუხად.

მანამდე, საშინაო ბაზრის ევროკომისარმა, ტიერი ბრეტონმა ილონ მასკს წერილი მისწერა და შეატყობინა, რომ მის გუნდს აქვს ინფორმაცია X-ზე დეზინფორმაციისა და ძალადობის შემცველი შინაარსის გავრცელების შესახებ მას შემდეგ, რაც ჰამასი ისრაელს დაესხა თავს. იმავე შინაარსის წერილი ბრეტონმა META-ს დამფუძნებელს, მარკ ზაკერბერგსაც გაუგზავნა.

ციფრული სერვისების შესახებ ევროკავშირის ახალი კანონის თანახმად, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში ამოქმედდა, სერიოზული ჯარიმების თავიდან ასაცილებლად კომპანიებმა საკუთარი სოციალური ქსელებიდან უკანონო შინაარსის პოსტებზე კონტროლი უნდა გაამკაცრონ.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები