14 წლის გოგოს მკვლელობა

პროკურორი: დედა იყო 14 წლის გოგოს ნიშნობის ორგანიზატორი, მან დააბრუნა ბავშვი გამტაცებელთან

14 წლის მოკლული გოგოს დედა.
მთავარი არხი

ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის, ხატია გოგრიჭიანის მტკიცებით, საგარეჯოში "ქმრის" მიერ მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას იძულებითი ქორწინების ორგანიზატორი გოგოს დედა იყო.

"დედა იყო პირი, რომელსაც მოეწონა ასაკით უფროსი მამაკაცი, შესაბამისად შეძლებული, დედა იყო ორგანიზატორი, რომ მომხდარიყო ამ უფროსი ადამიანისა და მისი შვილის ნიშნობა და შემდეგ როცა უკვე მოტაცებულმა გოგომ მას დაურეკა საშველად და სთხოვა უკან დაებრუნებინა, სწორედ, დედა იყო პირი, ვინც იმ გამტაცებელ ადამიანთან ეს ბავშვი დააბრუნა" - ამბობს პროკურორი.

სასამართლომ მოკლული მოზარდის დედას და ბიძას ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, 2023 წლის ზაფხულში, ალიმ ასლანოვმა არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც მოზარდს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება.

"აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს" - აცხადებს პროკურატურა.

საგარეჯოში 14 წლის გოგო "ქმარმა" 6 ოქტომბერს მოკლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. ის ოთხდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

კომენტარები