14 წლის გოგოს მკვლელობა

მოკლული 14 წლის გოგოს მამა გამოკითხვაზე დაიბარეს, მას დაზარალებულის სტატუსი აქვს

საგარეჯოში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას მამა გამოკითხვაზე დაიბარეს. კაცი მკვლელობის დროს ქვეყანაში არ იმყოფებოდა და გუშინ, გვიან ღამით დაბრუნდა.

დაღუპულის მამა საქმეში ერთვება, როგორც მოკლული გოგონას უფლებამონაცვლე. ეს ნიშნავს, რომ მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და გულისხმობს, რომ მამა მიმდინარე მოვლენებზე ინფორმირებული არ ყოფილა. ინფორმაცია ტაბულას პროკურატურამ დაუდასტურა.

ოჯახის წევრების თქმით, მამამ არ იცოდა შვილის იძულებითი ქორწინების შესახებ. მათი ცნობით, მოკლული მოზარდის მშობლები უკვე 7 წელია, ქორწინებაში აღარ იმყოფებიან და ამ დროის განმავლობაში, ისა შახმაროვი პოლონეთსა და რუსეთში იყო ემიგრაციაში. 

“Ჩემი ძმა რუსთავის პოლიციაში იკითხება. წლებია, დაშორებულია თავის ცოლს, ბავშვები დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელში იზრდებოდნენ. Მამა მათ ფინანსურად ეხმარებოდა მაგრამ მიმოსვლა არ გვქონდა. არც გათხოვების ამბავი არ ვიცოდით. წარმოიდგინეთ, მკვლელობის ამბავი ტელევიზიით შევიტყვეთ, შემდეგ გავაგებინე ჩემს ძმასაც. ჩემი ძმა იბრძოლებს თავისი შვილის ღირსებისთვის. Მასთან ბევრი საუბარი ვერ მოვასწარით, გამოკითხვაზე წაიყვანეს, თუმცა ზუსტად ვიცი, თავისი მკაცრი პოზიცია ექნება მომხდარზე”. - თქვა მოკლულის ბიძამ, ტვ ფორმულასთან ინტერვიუში.

საგარეჯოში 14 წლის გოგო "ქმარმა" 6 ოქტომბერს მოკლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. ის ოთხდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. 

ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია მოკლულის დედა და ბიძაც.

კომენტარები