მკვლელობა საგარეჯოში

14 წლის "ცოლის" მკვლელობაში ბრალდებული: ვნანობ, მაგრამ განზრახ არ ყოფილა

ალიმ ასლამოვის სასამართლო პროცესი
ფორმულა

27 წლის ალიმ ასლანოვის მტკიცებით, 14 წლის "ცოლი" განზრახ არ მოუკლავს. მკვლელობაში ბრალდებული სასამართლოში ამტკიცებდა, რომ რეგისტრირებული იარაღი პნევმატური ეგონა და მხოლოდ მსხვერპლის შეშინებას ცდილობდა. 

“არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას. ვნანობ, მაგრამ განზრახ არ ყოფილა… იარაღთან შეხება არ მქონია. მეგონა, მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი და როცა სისხლი დავინახე, შემეშინდა და გაიქეცი. მეგონა, პნევმატიკური იყო და მხოლოდ ხმას გამოსცემდა. იარაღის ტარებაც კი არ ვიცი. არასდროს მქონია ის… ტრავმა მაქვს თავზე მიღებული, ადრე ცხენიდან გადმოვვარდი და გონზე არ ვიყავი, როდესაც ეს ჩავიდინე… მე არ ვიცოდი, რომ ის მოვკალი. დაკავების დროს გავიგე მამაჩემისგან… მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად. დედამისი მეუბნებოდა, რომ ის 18 წლის იყო. ”.- თქვა ალიმ ასლანოვმა სასამართლოში.


საგარეჯოში 14 წლის გოგო "ქმარმა" 6 ოქტომბერს მოკლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. ის ოთხდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

გარდა ამისა, დღეს, 11 ოქტომბერს პოლიციამ მოკლული გოგოს ბიძა დააკავა - ქორწინების იძულებისა და დანაშაულის დაფარვისთვის. იგივე ბრალდება წარუდგინეს დაღუპულის დედასაც. 

გამოძიების ინფორმაციით, 2023 წლის ზაფხულში, ალიმ ასლანოვმა არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება.

"აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს" - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები