14 წლის გოგოს მკვლელობა

თვითონ დამირეკა და მითხრა, რომ გაიტაცეს – მოკლული 14 წლის გოგოს მამა

ფორმულა

14 წლის მოკლული გოგოს მამა ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ შვილის იძულებითი ქორწინების შესახებ არაფერი იცოდა, გატაცების შესახებ კი მოზარდმა სიკვდილამდე 3 დღით ადრე, ტელეფონით უთხრა. ისა შახმიროვს მკვლელობის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი აქვს.

"იმის თქმა შემიძლია, რომ არაფრის შესახებ არ ვიყავი ინფორმირებული. არ ვიცოდი შვილის იძულებითი ქორწინების შესახებ. საჯაროდ ამ თემაზე არ მსურს საუბარი და ძალიან მიჭირს". - ამბობს მოკლული გოგოს მამა ფორმულასთან ინტერვიუში.

დაღუპულის მამა საქმეში, როგორც მოკლული გოგონას უფლებამონაცვლე 12 ოქტომბერს ჩაერთო. ეს კი ნიშნავს, რომ მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და გულისხმობს იმას, რომ მამა მიმდინარე მოვლენებზე ინფორმირებული არ ყოფილა. 

იმ ფაქტს, რომ მამამ არ იცოდა შვილის იძულებითი ქორწინების შესახებ, ოჯახის წევრებიც ადასტურებენ. მათი ცნობით, მოკლული მოზარდის მშობლები უკვე 7 წელია, ქორწინებაში აღარ იმყოფებიან და ამ დროის განმავლობაში, ისა შახმაროვი პოლონეთსა და რუსეთში იყო ემიგრაციაში.

საგარეჯოში 14 წლის გოგო "ქმარმა" 6 ოქტომბერს მოკლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. ის ოთხდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. 

ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია მოკლულის დედა და ბიძაც.

კომენტარები