12 წლის ბავშვის გარდაცვალება

უფლებები საქართველო: 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეში ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება

ორგანიზაცია უფლებები საქართველოს ცნობით, დიღომში 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება.

ორგანიზაციის განცხადების თანახმად, დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია დაზიანებული – კერძოდ, გოგონას გვამიდან აღებული ნიმუშები საკვლევი მასალების შენახვის წესის დარღვევის შედეგად დაობდა.

საქმის მასალების დეტალური შესწავლის შედეგად, „უფლებები საქართველოს“ იურისტები მიიჩნევენ, რომ ჩადენილია მტკიცებულებათა განადგურებისკენ მიმართული დანაშაული და დაუყოვნებლივ საჭიროა მინიმუმ ერთი ექსპერტის მიმართ ბრალის წარდგენა, რასაც საგამოძიებო უწყება დაუსაბუთებლად აჭიანურებს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებს აღენიშნებათ მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევები და ნადებები. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის 16 აგვისტოს "უფლებები საქართველოს" იურისტებმა დამატებით მიმართეს საქართველოს გენერალურ პროკურორს და მოითხოვეს გამოძიების დაწყება მტკიცებულებების დაზიანების სხვა ფაქტებზე, რომლებიც, მათ შორის, 12 წლის ანის გვამის აღმოჩენის ადგილისათვის, 2023 წლის 5 აპრილს, პირვანდელი სახის შეცვლასა (ხეების გაჩეხვა-ს) და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებების დაზიანებას უკავშირდება.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ დღის წესრიგში დგას საგამოძიებო უწყების მიერ რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობა, რამაც არსებითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ანის გარდაცვალების გარემოებების გამოძიების მიმდინარეობაზე". - ნათქვამია განცხადებაში. 


10 აგვისტოს თბილისის პროკურატურამ, 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გოგოს დედა დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციამ უფლებები საქართველოს გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ უფლებები საქართველოს ადვოკატების მიმართვის საფუძველზე, პროკურატურა დაზარალებულს მტკიცებულებების დაზიანების საქმეში არსებულ მასალებს გადასცემდა.

კომენტარები