12 წლის ბავშვის გარდაცვალება

სახალხო დამცველის შეფასებით, 12 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე გამოძიება არაეფექტურია – RG

არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებები საქართველოს ცნობით, სახალხო დამცველმა დიდ დიღომში, 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმის მასალები შეისწავლა და საკუთარი დასკვნა მათ გაუგზავნა. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს ოჯახის უფლებებს.

ორგანიზაციის ცნობით, სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა რომ, გამოძიება თავიდანვე არაეფექტიანად მიმდინარეობდა და დროულად არ ჩატარდა ის სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც, შესაძლოა, გამოძიებას მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოეპოვებინა და რომელთა ჩაუტარებლობამ ან დაგვიანებით ჩატარებამ, შესაძლოა,  გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურება გამოიწვია და შესაბამისად, საქმის გარემოებების დადგენას ხელი შეუშალა. 

"სახალხო დამცველის დასკვნის თანახმად, საქმის მასალების შესწავლის შედეგად, იკვეთება, რომ ანი იანუშაიტიტეს მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. კერძოდ, არ არის ჩატარებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ნაწილის ჩატარებაც, დღეის მდგომარეობით, უპერსპექტივო ან მნიშვნელოვნად გართულებულია". - ამბობენ ორგანიზაციაში.

დაცვის მხარის განცხადებით, სახალხო დამცველმა შს მინისტრს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების გონივრულ ვადებში ჩატარების წინადადებით მიმართა. მათივე ცნობით, სახალხო დამცველს მიზანშეწონილად მიაჩნია შემდეგი მოქმედებების ჩატარება:

  1. შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერება და ნიმუშების აღება;
  2. შემთხვევის ადგილის მახლობლად განთავსებული მანქანების მეპატრონეების იდენტიფიცირება და ავტომობილების შემოწმება;
  3. გვამის გარშემო არსებული ხე-ბუჩქნარის მდგომარეობის შესწავლა;
  4. ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების სავარაუდო დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე პირების ვინაობის დადგენა და მათთან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება;
  5. მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების ნამდვილობის შემოწმება და სხვა
    მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა.

უფლებები საქართველოს ინფორმაციით, სახალხო დამცველმა წინადადებით გენერალურ პროკურორსაც მიმართა, რომ ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების გამოძიების საქმის მწარმოებელი გამომძიებლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულების ფაქტზე შემოწმება დაიწყოს (გაჭიანურებული ან/და ჩაუტარებელი, ასევე, ხარვეზიანი საგამოძიებო მოქმედებების ფაქტებზე).

საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა გარდაცვლილი ბავშვის დედამ, ნატო ხუტაშვილმა. ის ამბობს, რომ ექსპერტიზისგან ციფრული სურათები გამოითხოვეს, რომელზეც ჩანს, რომ 12 წლის ანის პარალელური ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

"შსს სამართლის დასადგენად ქმედით ნაბიჯებს არ ატარებს [...] ექსპერტიზისგან ციფრული სურათები გამოვითხოვეთ, რომელიც შემთხვევის ღამესაა გადაღებული. ეს მასალა, დაახლოებით, 10 დღის წინ მოგვაწოდეს. ფოტოების გადიდების შედეგად, ვხედავთ, რომ ბავშვს ყელის არეში პარალელური ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ეს ყველაფერი დროულად არ ნახეს - რა ბასრი საგანია, რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს საგანი არ მოიძიეს და არ ამოუღიათ.

ანის ტანსაცმელი ექსპერტიზაზე დღემდე არ გაუგზავნიათ. ასევე, ფოტოექსპერტიზაზე ის სურათი არ გაგზავნილა, სადაც ბავშვის მარცხენა ხელის ფრჩხილში გაჭედილი შავი თმა ჩანს". - ამბობს გარდაცვლილი ბავშვის დედა.

ანი იანუშაიტიტეს ოჯახი და მათი ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, უფლებები საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას შემდეგი მოთხოვნებით მიმართავენ:

  1. ბავშვის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმე ეფექტიანად გამოიძიონ. დროულად და სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო და საპროცესო ქმედება;
  2. სრულფასოვნად გამოიკვლიონ მტკიცებულებების დაზიანებისა და დაკარგვის ფაქტები და დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი;
  3. სრულად შესრულდეს სახალხო დამცველის მიერ პროკურატურისა და შსს-სთვის წარდგენილი წინადადებები და წერილობით ეცნობოს ოჯახსა და უფლებები საქართველოს აღნიშნული წინადადებების შესრულების პროგრესის შესახებ;
  4. საქმეში უცხოელი ექსპერტები ჩაერთონ

პროკურატურამ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიება 5 ივლისს დაიწყო. "უფლებები საქართველოს" თქმით "ერთი წლის შემდეგაც, მომხდარის გარემოებები ბუნდოვანია, ხოლო ნივთმტკიცებები, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება, დაზიანებულია".


დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ბავშვი გარდაცვლილი 17 მარტს იპოვეს. 16 მარტის საღამოდან სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე 23:00-დან მოზარდი დაიკარგა. 12 წლის გოგო რამდენიმე საათში გარდაცვლილი ნახეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

კომენტარები