12 წლის ბავშვის გარდაცვალება

სასამართლომ 12 წლის გოგოს საქმეზე ექსპერტს 2 500-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანებისთვის ბრალდებულ ექსპერტს, დავით გრიგოლიას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დავით გრიგოლია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის თანამდებობიდან გათავისუფლდა. 

პროკურორი ნათია თათიაშვილი ამბობს, რომ ექსპერტმა გულგრილობა გამოიჩინა და არაჯეროვნად შეასრულა დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა. 

"მის მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის იგი, ბუნებრივია, პასუხს აგებს. კონკრეტულად იმისთვის, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობა, გულგრილად მოეკიდა სამსახურებრივ საქმიანობას. ნიმუშები, რომელიც მას ევალებოდა რომ აეღო, დარღვევით მოხდა ამ ყველაფრის შეფუთვა, დალუქვა, მან სველ მდგომარეობაში დალუქა აღნიშნული ნიმუშები და გარდა ამისა, დალუქა პოლიეთილენის ჰერმეტულად დაცულ პაკეტში, რის გამოც დადგა ეს შედეგი, რომ ბიოლოგიურ ნიმუშებზე არ აღმოჩნდა ექსპერტიზის ჩატარების შედეგად გენეტიპირებისთვის საჭირო ადამიანის არანაირი ბირთვული დნმ". - ამბობს პროკურორი. 

პროკურატურამ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიება 5 ივლისს დაიწყო. გამოძიების ცნობით, სავარაუდოდ შენახვის პირობების დარღვევის გამო, გვამიდან აღებულ საკვლევ მასალაზე "ობის მაგვარი დანაშრევები წარმოიშვა". 


დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ბავშვი გარდაცვლილი 17 მარტს იპოვეს. 16 მარტის საღამოდან სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე 23:00-დან მოზარდი დაიკარგა. 12 წლის გოგო რამდენიმე საათში გარდაცვლილი ნახეს. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები