12 წლის ბავშვის გარდაცვალება

"ექსპერტიზის დასკვნაში 39 დაზიანებაა ასახული" – დიღომში გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის ადვოკატი

12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი შედეგები ცნობილია. პირველადი დასკვნის ასლი დაზარალებულის უფლებამონაცვლეს (ბავშვის დედას) და ადვოკატებს გადაეცათ. უფლებები საქართველო კომპლექსურ სამედიცინო ექსპერტიზას მოითხოვს. 

ადვოკატ ელისო რუხაძის თქმით, ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი მექანიკური ასფიქსია გახდა, თუმცა" დასკვნაში ასახულია 39 დაზიანება, რაც ნიშნავს იმას, რომ გოგონამ საკმაოდ მძიმე გზა გაიარა სიკვდილამდე". მისი შეფასებით, დაზიანებები ლეგიტიმურ ეჭვებს ბადებს, რომ "გარდაცვალებას წინ უსწრებდა რაღაც მძიმე ამბები, რაც შეიძლება იყოს მოძალადესთან ჭიდილი და ა.შ". ადვოკატის თქმით, დაზიანებები მრავლობითია - როგორც მცირე, ისე "საკმაოდ დიდი" ზომის.

"არის როგორც სახის არეში, ისე ყურის სხვადასხვა მხარეს, ყელზეა საკმაოდ დიდი დაზიანება, ასევე, ფეხზე, ზურგზე და სხეულის თითქმის ყველა ნაწილზეა როგორც წვრილი მრავლობითი, ისე საკმაოდ დიდი დაზიანებები... ეს არის სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რომელიც არის სიცოცხლის დროინდელი და სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრეა მიყენებული" - ამბობს ადვოკატი.

ორგანიზაცია უფლებები საქართველოს შეფასებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას სჭირდება დეტალური ანალიზი, მათ შორის, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობა.

"ამის შემდეგ, ჩვენი ადვოკატები საგამოძიებო უწყებას მიაწვდიან იმ კითხვების ჩამონათვალს, რომელთა დასმის საჭიროებასაც დაინახავენ დამატებითი ექსპერტიზის მიზნებისათვის. ამ ეტაპზე, ცალსახად იკვეთება კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება, რომელიც უნდა დაეფუძნოს იმ კითხვების სრულ ჩამონათვალს, რაზედაც პასუხი არსებულ დასკვნაში არ არის, ან/და არასრულია.

ამჟამად მიმდინარეობს ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, რომელთა შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. საქმის გარემოებების სრულფასოვანი შეფასება აღნიშნული ექსპერტიზების დასკვნების შემდეგ გახდება შესაძლებელი" - ნათქვამია განცხადებაში.

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ბავშვი გარდაცვლილი 17 მარტს იპოვეს. 16 მარტის საღამოდან სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე 23:00-დან მოზარდი დაიკარგა. 12 წლის გოგო რამდენიმე საათში გარდაცვლილი ნახეს. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები