12 წლის ბავშვის გარდაცვალება

იანუშაიტიტეს დედა: არ ვენდობით ექსპერტიზის ბიუროს, გაიგზავნოს მტკიცებულებები FBI-ში

გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის, ანი იანუშაიტიტეს დედის, ნატო ხუტაშვილის თქმით, ოჯახი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს არ ენდობა და მტკიცებულებების გაგზავნას FBI-ში ითხოვს. 

"დაკარგულია თმა, რომელიც მოჩანს სურათში და აქედან გაომდინარე, ოჯახი არ ვენდობით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და ვითხოვთ, რომ აუცილებლად გაიგზავნოს ყველა მტკიცებულება FBI-ში" - ამბობს ანას დედა.

ნატო ხუტაშვილის თქმით, გაასაჯაროვდა სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტიც, რომელიც  თვითმხილველებზე დაყრდნობით საგამოძიებო უწყებაშია შედგენილი.

"ფოტორობოტი საგამოძიებო უწყებაში არის შედგენილი, თვითმხილველებზე დაყრდნობით. ვინ იქნება ამ ფოტორობოტთან მიმსგავსებული პირი შემოწმდება, ანონომურობა სრულად დაცული იქნება, უდანაშაულო პირს, რა თქმა უნდა, ხელს არავინ არ ახლებს" - თქვა ხუტაშვილმა. 

საქალაქო სასამართლომ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანებისთვის ბრალდებულ ექსპერტს, დავით გრიგოლიას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დავით გრიგოლია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის თანამდებობიდან გათავისუფლდა. 

პროკურატურამ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიება 5 ივლისს დაიწყო. გამოძიების ცნობით, სავარაუდოდ შენახვის პირობების დარღვევის გამო, გვამიდან აღებულ საკვლევ მასალაზე "ობის მაგვარი დანაშრევები წარმოიშვა". 


დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ბავშვი გარდაცვლილი 17 მარტს იპოვეს. 16 მარტის საღამოდან სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე 23:00-დან მოზარდი დაიკარგა. 12 წლის გოგო რამდენიმე საათში გარდაცვლილი ნახეს. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები