12 წლის ბავშვის გარდაცვალება

მტკიცებულებების დაზიანების საქმეზე, გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედა დაზარალებულად ცნეს

თბილისის პროკურატურამ, 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გოგოს დედა დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებები საქართველოსთვის ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უფლებები საქართველოს ადვოკატების მიმართვის საფუძველზე, დღეს, პროკურატურა დაზარალებულს გადასცემს მტკიცებულებების დაზიანების საქმეში არსებულ მასალებს.

ორგანიზაციამ უფლებები საქართველოსთვის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყება 2023 წლის 5 ივლისს მოითხოვა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უნდა დადგინდეს, თუ რა გარემოებებში მოხდა საკვანძო მტკიცებულებების შემცველი დალუქული პაკეტის მთლიანობის დარღვევა, რამაც გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებზე მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევებისა და ნადებების წარმოქმნა გამოიწვია.

ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანებას თბილისის პროკურატურა იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფო ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

5 ივლისს პროკურატურამ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების ცნობით, სავარაუდოდ შენახვის პირობების დარღვევის გამო, გვამიდან აღებულ საკვლევ მასალაზე ობის მაგვარი დანაშრევები წარმოიშვა. 

ბიოლოგიური ექსპერტიზის კვლევის ჩასატარებლად ექსპერტის მიერ შესაბამისი წესით დალუქული ფუთები გაიხსნა, რომლებშიც მოთავსებული იყო ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული ნაცხის ნიმუში და ანაწმენდები. ფუთების გახსნისას აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ შენახვის პირობების დარღვევამ საკვლევ მასალაზე ობის მაგვარი დანაშრევების წარმოშობა გამოიწვია.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება" - ნათქვამია განცხადებაში.

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ბავშვი გარდაცვლილი 17 მარტს იპოვეს. 16 მარტის საღამოდან სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე 23:00-დან მოზარდი დაიკარგა. 12 წლის გოგო რამდენიმე საათში გარდაცვლილი ნახეს. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები