12 წლის ბავშვის გარდაცვალება

12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ექსპერტს წარდგენილი ბრალი დაუმძიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების გამოძიებაში მონაწილე ექსპერტს, დავით გრიგოლიას, პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. ამის შესახებ უფლებები საქართველო წერს

ექსპერტს ბრალი ედება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლაში, რაც, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში და, შედეგად, ნივთმტკიცების დაზიანებაში გამოიხატა. 

გრიგოლიას თავდაპირველად ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე წარედგინა და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის თანამდებობიდანაც გადააყენეს.

"ოჯახისა და უფლებები საქართველოს ადვოკატების არაერთი მიმართვის შემდეგ, 2024 წლის 9 იანვარს, პროკურატურამ ბრალი დააზუსტა და 370-ე მუხლის 1-ელი ნაწილით კვალიფიცირდა, რაც გულისხმობს მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას, რაც ექსპერტის მიერ გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში გამოიხატა. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით, მხოლოდ ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".- წერია განცხადებაში. 

პროკურატურამ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიება 5 ივლისს დაიწყო. "უფლებები საქართველოს" თქმით "ერთი წლის შემდეგაც, მომხდარის გარემოებები ბუნდოვანია, ხოლო ნივთმტკიცებები, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება, დაზიანებულია".


დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ბავშვი გარდაცვლილი 17 მარტს იპოვეს. 16 მარტის საღამოდან სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე 23:00-დან მოზარდი დაიკარგა. 12 წლის გოგო რამდენიმე საათში გარდაცვლილი ნახეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

კომენტარები