უფლებადამცველი ორგანიზაცია უფლებები საქართველოს განცხადებით, შესაძლოა, 17 მარტს დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს გვამის გადამალვა სცადეს. ორგანიზაციას საქმეში ჩართვის თხოვნით დაღუპულის ოჯახმა 4 აპრილს მიმართა.
"მშობლების განმარტებით, არსებობს არაერთი გარემოება, რომელიც მიუთითებს, რომ მოზარდის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა ვერ იქნებოდა. კერძოდ, გარდაცვლილის ტელეფონი ნაპოვნია გვამისგან მოშორებით. წარმოდგენილი ფოტოსურათებით იკვეთება, რომ გოგონას აღენიშნებოდა სახის, შუბლის, ყურის და ზურგის არეში ნაკაწრები და დაზიანებები. დაზიანებული იყო ასევე ბავშვის ტანსაცმელი. გარდა ამისა, გოგონას გვამის განლაგება ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გვამის გადამალვის მცდელობას". – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ დღემდე, საგამოძიებო უწყების მიერ გარდაცვლილი არასრულწლოვანის ოჯახის წევრის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა არ მომხდარა.
უფლებები საქართველო წერს, რომ 5 აპრილს დანაშაულის ადგილზე მისულ დედას და ორგანიზაციის ადვოკატებს დანაშაულის ადგილი სრულიად სახეცვლილი დახვდათ. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებისგან თანხმობის მიღების შემდეგ, დანაშაულის ადგილზე თბილისის მერიის ადგილობრივმა გამგეობამ კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო, რამაც საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების განადგურება გამოიწვია.
დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ბავშვი გარდაცვლილი 17 მარტს იპოვეს. 16 მარტის საღამოდან სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე 23:00-დან მოზარდი დაიკარგა. 12 წლის გოგო რამდენიმე საათში გარდაცვლილი ნახეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.