რუსეთის ეკონომიკა

რუსეთის ეკონომიკის სტაბილურობის შესახებ პუტინის განცხადების შემდეგ რუბლი კიდევ გაუფასურდა

ვლადიმირ პუტინი
Гавриил Григоров / AFP / Scanpix / LETA

დოლართან მიმართებით რუბლი კვლავ გაუფასურდა – ერთი დღის შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ სანქცირებული ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილურია.

6 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, რუსული რუბლი 101.46 დოლარი ღირდა. ამასთან, 14 აგვისტოს შემდეგ პირველად, 3 ოქტომბერს მოსკოვის ბირჟაზე 1 დოლარის ღირებულებამ 100 რუბლს გადააჭარბა.

"ჩვენ დავძლიეთ ყველა პრობლემა, რომელიც გაჩნდა ჩვენს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ და დავიწყეთ განვითარების ახალი ეტაპი. საერთო ვითარება სტაბილურია". - თქვა პუტინმა გუშინ, 5 ოქტომბერს ვალდაის კონფერენციაზე, სოჭში.

დასავლურ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა სახის სანქციები აქვთ დაწესებული. პარალელურად, არაერთმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა რუსეთი 2022 წლის თებერვალში ომის დაწყების შემდეგ. 

ცენტრალური ბანკის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის შენელება წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი.

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის 
თქმით, დოლარის კურსის რყევებზე გადაჭარბებული ყურადღება "წარსულის რუდიმენტია". 

"შეშფოთების საფუძველი ჯერ კიდევ არ არსებობს. არის გარკვეული რყევები, მაგრამ ჩვენ მაინც რუბლის ზონაში ვცხოვრობთ, ამიტომ დოლარის კურსზე ასეთი გადაჭარბებული ყურადღება, ემოციური თვალსაზრისით, შესაძლებელია, მაგრამ მაინც წარსულის რუდიმენტია. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ რუბლის ზონაში ცხოვრებას და თავი დოლარის კურსზე დამოკიდებულად არ უნდა ვიგრძნოთ". - თქვა პესკოვმა.

მისივე თქმით, მაკროეკონომიკური სტაბილურობა სრულად არის უზრუნველყოფილი მარეგულირებლისა და რუსეთის მთავრობის ქმედებებით, "ამიტომ აქ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს".

კომენტარები