რუსეთის ეკონომიკა

რუსეთმა თავდაცვის ხარჯების ზრდის გამო, რუსეთში მყოფ დასავლურ კომპანიებს შეზღუდვები დაუწესა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი
Sputnik/Gavriil Grigorov/Kremlin

რუსეთმა დასავლურ კომპანიებს აქტივების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლის ევროსა და დოლარში მიღება შეუზღუდა და რუბლის გაუფასურების პროცესის შესაჩერებლად, de facto ვალუტის კონტროლი დააწესა.

ამ პროცესთან უშუალო კავშირში მყოფი პირების თქმით, დასავლური კომპანიები, რომლებიც რუსული ბაზრიდან გასვლას დააპირებენ, საკუთარი აქტივების გაყიდვით მიღებული შემოსავლის რუბლებში მიღებას უნდა დათანხმდნენ. უცხოურ ვალუტაში შემოსავლის მიღება ტრანზაქციების გაჭიანურებასთან და დიდ ფინანსურ დანაკარგებთან არის დაკავშირებული. 

მოსკოვმა ახალი შეზღუდვები მას შემდეგ დააწესა, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ დასავლეთის სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა და რუბლის გაუფასურება შეუქცევად პროცესად აქცია. ბოლო წლის განმავლობაში 20%-იანი გაუფასურების შედეგად რუბლმა აშშ დოლართან მიმართებით "ფსიქოლოგიური ბარიერი" გატეხა და 100 ერთეულს მიაღწია, რამაც რუსეთის ხელისუფლება ვალუტის დასტაბილურების მიზნით "პალიატიური ზომების" მიღება აიძულა. საინვესტიციო ბანკირების მოსაზრებით, რუბლის გაუფასურების საპირწონედ უცხოურ ვალუტაზე დაწესებული კონტროლი "განგრენაზე სახვევის დადებას ჰგავს".

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა Financial Times-თან ინტერვიუში თქვა – " ჩვენ რუბლს ვუქმნით საუკეთესო პირობებს და ამით ვასრულებთ ხელისუფლების ვალდებულებას იზრუნოს საკუთარ ვალუტაზე... [რუბლი] ჩვენთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს." დასავლურ კომპანიებთან დაკავშირებით მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ხელმძღვანელობს "საკუთარი ინტერესებისა და სარგებლის მოტივებით" 

ივლისში, რუბლის მნიშვნელოვნად გაუფასურების საწყის ეტაპზე, რუსეთის ხელისუფლებამ კომპანიებს, რომლებსაც რუსეთის დატოვება სურდათ, დამატებითი შეზღუდვები დაუწესა, რაც მოიცავდა უცხოური ინვესტიციების სამთავრობო კომისიის ჩართულობას დასავლური აქტივების რუსეთის ბაზრიდან გასვლის პროცესში. 

დასავლური კომპანიებს საკუთარი აქტივების გასატანად მხოლოს რამდენიმე გზა დარჩათ: გადაერიცხათ თანხები მკაცრად შეზღუდულ "C" ტიპის ანგარიშებზე რუსულ ბანკებში, ან თანხები უცხოური ბანკების ანგარიშებზე შეზღუდული რაოდენობით რამდენიმე ტრანზაქციად გაეტანათ, ან მთლიანი აქტივების რეალიზაცია რუბლში მოეხდინათ და მიღებული შემოსავალი რუსულ ბანკებში განეთავსებინათ. თუმცა, პირველი ორი შემთხვევის პირობებში კომპანიები შეზღუდულები იქნებოდნენ თანხის მოცულობასა და გადარიცხვების სიხშირეში, რადგან ხელისუფლება მკაცრად ცდილობდა ბიზნესის ოპერირების რუბლში გადატანას. 

რუბლის გაუფასურების შესაჩერებლად რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა აგვისტოს შემდეგ 4-ჯერ გაზარდა საპროცენტო განაკვეთი და ის 15%-მდე გაიზარდა. შემდეგი სვლით პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითან 43 კომპანია დაავალდებულა უცხოურ ვალუტაში მიღებული შემოსავალი რუსეთის ბაზარზე გაეყიდათ.

რუსეთის ცენტრალური ბანკის დირექტორის ელვირა ნაბიულინას შეფასებით კრემლის ამ ნაბიჯს  "მცირეხნიანი ეფექტი" ექნება. 

კრიტერიუმების მზარდ სიას, რომელსაც კომპანიები გარიგების დამტკიცებამდე უნდა აკმაყოფილებდნენ ვალუტის რეპატრიაციაც დაემატა. ის მოიცავს რუსეთის ბიუჯეტში "მოხალისეობრივი" კონტრიბუციის შეტანას რომელიც ახალი რეგულაციებით, ტრანზაქციის მოცულობის გათვალისწინებით 10 დან 15 პროცენტამდე გაიზარდა.

"რუსეთმა უთქმელად დააწესა კაპიტალის კონტროლი, აკრძალული არ არის მიიღო შემოსავალი ევროსა და დოლარში, თუმცა ის გართულებულია. შენზეა დამოკიდებული საკუთარ აქტივებს გამოიტან უცხოურ ვალუტაში, რუბლში თუ მას საერთოდ არ გამოიტან" აცხადებს საინვესტიციო ბანკირი. 

რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მომავალი წლის ბიუჯეტის თავდაცვის ხარჯები 70%-ით, 108 მლრდ. დოლარამდე გაიზრდება. ბიუჯეტში თავდაცვის დაფინანსების თანხების მობილიზაციისთვის ხელისუფლებამ რუსეთის ბაზრის დატოვების მსურველ დასავლურ კომპანიებს დამატებით, "ნებაყოფილობითი დონაციის" გადასახადი დაუწესა. ახალი შეზღუდვებით, რუსეთის ბაზრის დატოვების მსურველმა დასავლურმა კომპანიებმა აქტივების გაყიდვით მიღებული შემოსავლის 15% რუსეთის ბიუჯეტში ნებაყოფილობრივი დონაციის სახით უნდა შეიტანონ.

კომენტარები