რუსეთის ეკონომიკა

ნაბიულინა: SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა და აქტივების გაყინვა მტკივნეული საკითხია

РБК

რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ელვირა ნაბიულინამ რუსული საკრედიტო ინსტიტუტების SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან გათიშვას და აქტივების გაყინვას ქვეყნის ფინანსური სისტემისთვის ყველაზე მტკივნეული სანქციები უწოდა.

როგორც მან РБК-სთან უკრაინაში ომის დაწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ პირველ ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთის გათიშვა SWIFT-დან კვლავ გადაუჭრელი პრობლემაა რუსეთის ფინანსური სექტორისთვის.

ნაბიულინას თქმით, რუსეთის ეროვნული ბანკი მზად იყო ზოგიერთი სანქციისთვის, რომელიც დასავლეთის ქვეყნებმა დააწესეს რუსეთის მიერ 2014 წელს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.

ნაბიულინამ აღნიშნა, რომ ამ დროსთვის რუსეთში უკვე დაიწყეს ეროვნული საგადასახადო სისტემის შექმნა, რათა შეემცირებინათ SWIFT-დან გათიშვის რისკები, თუმცა პრობლემა სწორედ საერთაშორისო დონეზე გადარიცხვების შეუძლებლობა იყო.

"დიახ, იქმნება შეზღუდვები, ისინი მუდმივად იცვლება, მაგრამ ეს კვლავ პრობლემად რჩება მრავალი საწარმოსთვის". - რუსული მედიის ცნობით, ამბობს რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი.

ნაბიულინას თქმითვე, რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების საზღვარგარეთ გაყინვა გახდა "ძალიან უარყოფითი სიგნალი ყველა ცენტრალური ბანკისთვის, რადგან ეს არის რეზერვების დაცვის ძირითადი პრინციპების დარღვევა".

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა მოახერხა ამ სანქციების უარყოფითი შედეგების შემცირება მცურავი გაცვლითი კურსის და გარკვეული შეზღუდვების დახმარებით, რომლებიც 2022 წლის გაზაფხულზე მიიღეს.

"ძალიან მტკივნეული თემად იქცა კერძო პირების აქტივების დაბლოკვა და გაყინვა - მილიონობით ადამიანი, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ სანქციებს, გაყინული აქტივების პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის რთული პრობლემა, რომლის მოგვარებასაც მთავრობასთან ერთად სხვადასხვა გზით ვცდილობთ". - აღნიშნა ნაბიულინამ.

მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდეს და ამისთვის რუსეთი "მზად უნდა იყოს".

ამჟამად დასავლეთის ქვეყნებში რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რეზერვები გაყინულია.

კომენტარები