რუსეთის ეკონომიკა

პუტინმა რუს ექსპორტიორებს ახალი წესები დაუდგინა

TACC / Эхо Кавказа

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ზოგიერთ რუს ექსპორტიორს უცხოური ვალუტაში მიღებული შემოსავლების სავალდებულო გაყიდვას ავალდებულებს

პუტინის განკარგულების მიზანი რუბლის კურსის სტაბილიზაციაა.

რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, ცალკეულ კომპანიებს მოუწევთ რუსეთის ბაზარზე უცხოური ვალუტის შემოსავლის გაყიდვა ექვსი თვის განმავლობაში იმ მოცულობითა და ვადით, რომელსაც მთავრობა დაადგენს. მათ ასევე მოუწევთ ეროვნულ ბანკსა და ფინანსური მონიტორინგის ფედერალურ სამსახურს გაუგზავნონ შიდა ბაზარზე უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის გრაფიკი.

დადგენილება ეხება 43 კომპანიას, რომელიც დაკავშირებულია საწვავის და ენერგეტიკულ კომპლექსთან, შავ და ფერად მეტალურგიასთან, ქიმიურ და სატყეო მრეწველობასთან და ასევე მარცვლეულის მეურნეობასთან. კომპანიების სახელები დოკუმენტის ტექსტში არ არის მითითებული.

გასული წლის განმავლობაში, უკრაინასთან მიმდინარე ომის ფონზე, რუბლი დოლართან მიმართებაში 40%-ზე მეტით დაეცა. რუსეთის ბანკმა ბოლო ორი თვის განმავლობაში სამჯერ გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი.

ჯერ კიდევ აგვისტოში, Bloomberg-ი და Reuters-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერდნენ, რომ რუსეთის ხელისუფლება განიხილავდა ექსპორტიორების მიერ უცხოური ვალუტის შემოსავლების სავალდებულო გაყიდვის აღდგენის შესაძლებლობას. ამის მიზეზი კი რუბლის კურსის ვარდნა იყო. 14 აგვისტოს შემდეგ პირველად, 3 ოქტომბერს მოსკოვის ბირჟაზე 1 დოლარის ღირებულებამ 100 რუბლს გადააჭარბა.

Bloomberg Economics-ის ეკონომისტი რუსეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში ალექსანდრ ისაკოვი თვლის, რომ "კურსი შეიძლება დაბრუნდეს 95-100 დიაპაზონში ვალუტის გაყიდვების მოკლევადიანი ზრდის ფონზე, მაგრამ ასეთი ნაბიჯების ეფექტი ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს მდგრადი და გრძელვადიანი".

უცხოური ვალუტის შემოსავლების სავალდებულო გაყიდვის წესის შემოღების პარალელურად, დღეს მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებისას დოლარი 29 სექტემბრის შემდეგ პირველად ღირდა 97 რუბლი, ხოლო ევრო - 103.

კომენტარები