გამოცემა Reuters ხუთ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინაში ომის დასრულების სურვილის ფონზე, ვლადიმირ პუტინი სულ უფრო მეტად არის შეწუხებული რუსული ეკონომიკის გაუარესებული მდგომარეობით.
Reuters-ის ორი წყაროს ინფორმაციით, არასახარბიელო ეკონომიკური მაჩვენებლები ხელს უწყობს კრემლში იმ აზრის ჩამოყალიბებას, რომ რუსეთი, შესაძლოა, ჩაერთოს ომის დასრულების მოლაპარაკებებში.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც თეთრი სახლი 20 იანვარს დაიკავა, პირობა დადო, რომ უკრაინის კონფლიქტს დაასრულებს. 22 იანვარს ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთ-უკრაინის ომზე დასმულ კითხვებსაც უპასუხა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებებზე არ წამოვა, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას უნდა მოველოდეთ.
"რუსეთი, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად დაინტერესებულია კონფლიქტის დიპლომატიური დასრულებაში" – თქვა ოლეგ ვუგინმა, რუსეთის ცენტრალური ბანკის ყოფილმა ვიცე-თავმჯდომარემ, Reuters-თან ინტერვიუში. ვუგინი არ იყო იმ ხუთ წყაროს შორის, რომლებიც პუტინის შეშფოთებაზე გამოცემას ესაუბრნენ და ანონიმურობის დაცვა მოითხოვეს.
გამოცემა წარსულშიც აღნიშნავდა, რომ პუტინი მზად არის მოილაპარაკოს ცეცხლის შეწყვეტის ვარიანტებზე ტრამპთან, თუმცა უკრაინაში მიღწეული ტერიტორიული შენაძენების აღიარებისა და უკრაინის NATO-ში არ გაწევრიანების ხარჯზე.
ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლებზე ყველაზე ფართო სანქციების პაკეტი დააწესა. ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, ეს ტრამპს უპირატესობას მისცემს მოლაპარაკებებში, რათა გამოიყენოს ეკონომიკური წნეხი რუსეთზე.
რუსეთის ეკონომიკა, რომელიც 2022 წლიდან დაწესებული დასავლური სანქციების მიუხედავად, ნავთობის, გაზისა და მინერალების ექსპორტით ახერხებდა ზრდას, ბოლო რამდენიმე თვეში შრომის დეფიციტისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო რთულ მდგომარეობაშია, რაც გაზრდილ სამხედრო ხარჯებთან არის დაკავშირებული. რუსეთის თავდაცვის ხარჯებმა მშპ-ს 6.3%-ს მიაღწია, რაც ბიუჯეტის ხარჯების მესამედს შეადგენს.
რუსეთის 2.2 ტრილიონი დოლარის ეკონომიკამ 2022 წელს რეგრესი განიცადა, თუმცა რუსეთის მშპ 2023 და 2024 წლებში ევროკავშირსა და აშშ-ზე უფრო სწრაფად იზრდებოდა, თუმცა წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი 1.5%-ზე ნაკლებ ზრდას პროგნოზირებს.
რუსეთში ინფლაცია ორმაგი ციფრებისკენ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა ბანკმა ოქტომბერში საპროცენტო განაკვეთი 21%-მდე გაზარდა.
"არის გარკვეული პრობლემებია, კერძოდ ინფლაცია, რომელიც ეკონომიკის გადახურებას იწვევს". - განაცხადა პუტინმა 19 დეკემბრის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე. "მთავრობა და ცენტრალური ბანკი უკვე მუშაობენ ტემპის შემცირების მიზნით" - განაცხადა მან.
პუტინის უკმაყოფილება აშკარა იყო 16 დეკემბრის შეხვედრაზეც, როდესაც პრეზიდენტი კრემლში ბიზნეს ლიდერებს შეხვდა. Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრაზე პუტინმა ეკონომიკის სფეროს ჩინოვნიკები გააკრიტიკა.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, პუტინი უკმაყოფილო იყო, როდესაც გაიგო, რომ კერძო ინვესტიციები მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო იკლებდა.
რუსეთის ყველაზე გავლენიანმა ბიზნესმენებმა, მათ შორის Rosneft-ის გენერალურმა დირექტორმა იგორ სეჩინმა, Rostec-ის დირექტორმა სერგეი ჩემეზოვმა, ალუმინის მწარმოებელმა მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ და Severstal-ის უმსხვილესმა აქციონერმა ალექსეი მორდაშოვმა, საჯაროდ გააკრიტიკეს მაღალი საპროცენტო განაკვეთები.
19 დეკემბერს გაკეთებულ კომენტარში პუტინმა "ბალანსირებული საპროცენტო განაკვეთის გადაწყვეტილებისკენ" მოუწოდა. მომდევნო დღეს, წლის ბოლო მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე, ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 21%-ზე შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი მის 200 პუნქტით გაზრდას ელოდა.





