ეძგვერაძეზე თავდასხმა

კონდახაშვილის თქმით, ნიკა მელიას დაკავებისას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს

ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაკავებული ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძესა და ზვიად კუპრავას მონახულების შემდგომ დაკავების დეტალებზე ისაუბრა. 

ნიკა მელიას ადვოკატის თქმით, ნიკა მელიას დაკავებისას სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ნიკა მელიას აღენიშნებოდა სახისა და ტანის არეებში სხვადასხვა სახის დაზიანება, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავების დროს მიიღო. დახეული ჰქონდა ტანსაცმელი. მას არ აძლევდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატთან კომუნიკაციის უფლებას. ფაქტობრივად დამალეს დაკავებულები". - თქვა გიორგი კონდახაშვილმა ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდგომ მედიასთან საუბრისას.

კონდახაშვილის ვარაუდით, დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორში ადმინისტრაციული წესით განსაზღვრული მაქსიმალური ვადით, ანუ სრული 48 საათის განმავლობაში დატოვებენ.

ასევე, ადვოკატი სოციალურ ქსელში გავრცელებული დაკავების ამსახველ ვიდოკადრებზე საუბრისას ხსნის, რომ ნაჩვენები "შეხლა-შემოხლა" მხოლოდ ემოციურ ფონზე განვითარდა და სამართალდამცავებზე განზრახ ძალადობის დამატებითი ბრალის წარდგენის სამართლებრივი საფუძვლის არსებობას გამორიცხავს.

ადვოკატის მითითებით, სამივე დაკავებული პოლიციის თანამშრომლებზე რაიმე სახის ძალადობას უარყოფს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის, ირაკლი ლუხოშვილის თქმით, ნიკა მელია გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს


22 სექტემბერს თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრს, ირაკლი ეძგვერაძესა და მის თანმხლებ პირებს თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას და მის მეგობრებს მოულოდნელად 20 ადამიანი დაესხათ თავს, ყველაფერი დალეწეს და მეგობრებს სასტიკად სცემეს. ეძგვერაძე ამბობს, რომ თავდასხმა 22 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომას უკავშირდება, სადაც ის და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

შინაგან სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

მას შემდეგ რაც ეძგვერაძეზე თავდასხმაზე ინფორმაცია გავრცელდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გლდანში მივიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა. პარტიის ცნობით, დაკავებულები არიან ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი პოლიციამ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა".

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ცხელ კვალზე ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 22 სექტემბერს გლდანში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, რის შედეგადაც ადგილიდან მიიმალნენ". - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ" პუნქტით მიმდინარეობს. 

კომენტარები