ეძგვერაძეზე თავდასხმა

გამომძიებლის ცნობით, მელია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, გიორგი ლუხოშვილმა თქვა, რომ ნიკა მელია  მის მიმართ პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.

"შესაბამისი რეაგირების განხორციელების მიზნით ახლა შევხვდით დაკავებულ პირს, მაგრამ დაკავებულმა პირმა არ ისურვა ინფორმაციის მოწოდება და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა. მიუხედავად ამისა, თუ დაკავებული პირი გადაწყვეტს, რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან სამსახური მზად არის, გაატაროს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და მიიღოს გადაწყვეტილებება". - თქვა ლუხოშვილმა.


22 სექტემბერს თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრს, ირაკლი ეძგვერაძესა და მის თანმხლებ პირებს თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას და მის მეგობრებს მოულოდნელად 20 ადამიანი დაესხათ თავს, ყველაფერი დალეწეს და მეგობრებს სასტიკად სცემეს. ეძგვერაძე ამბობს, რომ თავდასხმა 22 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომას უკავშირდება, სადაც ის და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

შინაგან სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

მას შემდეგ რაც ეძგვერაძეზე თავდასხმაზე ინფორმაცია გავრცელდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გლდანში მივიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა. პარტიის ცნობით, დაკავებულები არიან ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი პოლიციამ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა".

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ცხელ კვალზე ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 22 სექტემბერს გლდანში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, რის შედეგადაც ადგილიდან მიიმალნენ". - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ" პუნქტით მიმდინარეობს. 

სახალხო დამცველის განცხადებით, ომბუდსმენის რწმუნებული გლდანში დაკავებულ სამივე ოპოზიციონერს შეხვდა. 

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ნიკა მელიამ სახალხო დამცველის რწმუნებულს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარები