ეძგვერაძეზე თავდასხმა

საკრებულოს ოპოზიციონერები გლდანში თავდასხმის გამოძიებას და მელიას გამოშვებას ითხოვენ

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები 22 სექტემბერს, გლდანში მომხდარი დაპირისპირების მონაწილეებისა და ორგანიზატორების დაკავებასა და სხვა ოპოზიციონერების - ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას ითხოვენ.

ერთობლივ ბრიფინგზე ირაკლი ნადირაძემ თქვა, რომ ეძგვერაძეს მხოლოდ იმიტომ დაესხნენ თავს, რომ საკრებულოზე ფარცხალაძის დასჯა მოითხოვა.

"გუშინ [22 სექტემბერს], ქართული ოცნების ტიტუშკების, სუს-ის ნასეტკების მონაწილეობით ჩვენ ვნახეთ დანაშაულებრივი ჯგუფური თავდასხმა, რომლებმაც უმოწყალოდ სცემეს ჩვენი კოლეგა, ირაკლი ეძგვერაძე. გუშინ კიდევ ერთხელ დაინახა საზოგადოებამ, რომ რუსმა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ისეთი ავტოკრატიული ოლიგარქიული რეჟიმი, სადაც მზად არიან იმის გამო, რომ ადამიანი გამოდის საკრებულოში და ითხოვს, რომ დაისაჯოს რუსეთის აგენტი, ეფესბეშნიკი ფარცხალაძე და ითხოვს, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყოს რუსული მმართველობა, რუსული მთავრობა - აი, ამის გამო მზად არიან, სახლთან დახვდეს 40 -მდე სუს-ის აგენტი და ფიზიკურად გაუსწორდნენ ბავშვების, ქალებისა და მშობლების თვალწინ. რომ არა კახა კალაძე, რომ არა სუს-ი, რომ არა პოლიცია, ეს მხდალი ლაჩრები და არაკაცები ვერ გაბედავდნენ ამას. არაერთი პრეცედენტია, რომ ხდება ოპოზიციონერ დეპუტატებზე თავდასხმა. ამაზე სამწუხაროდ არავინ პასუხს არ აგებს [...]

გვაქვს კითხვები კალაძესთან, სუს-თან, პოლიციასთან. ამიტომ მოვითხოვთ, რომ დაისაჯონ არა მხოლოდ შემსრულებლები - სუს-ის ნასეტკები, არამედ ყველა დამკვეთი და ორგანიზატორი. დამკვეთები და ორგანიზატორები, უნდა ვეძებოთ ქართულ ოცნებაში, სუს-სა და პოლიციაში. გარდა ამისა, ვითხოვთ, ჩვენი კოლეგების ნიკა მელიას, ზვიად კუპრავას და ბაჩო დოლიძის გათავისუფლებას, რომლებიც უკანონოდ არიან დაკავებულები". - თქვა ირაკლი ნადირაძემ ერთობლივ ბრიფინგზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს, გლდანში სამი ადამიანი დააკავეს და ამასთან ერთად, მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყეს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარიდან მალევე გლდანში შეიკრიბნენ დაშავებულების "მეგობრები და თანაპარტიელები", რომლებმაც "სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა".

22 სექტემბერს თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრს, ირაკლი ეძგვერაძესა და მის თანმხლებ პირებს თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას და მის მეგობრებს მოულოდნელად 20 ადამიანი დაესხათ თავს, ყველაფერი დალეწეს და მეგობრებს სასტიკად სცემეს. ეძგვერაძე ამბობს, რომ თავდასხმა 22 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომას უკავშირდება, სადაც ის და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

შინაგან სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

მას შემდეგ რაც ეძგვერაძეზე თავდასხმაზე ინფორმაცია გავრცელდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გლდანში მივიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა. პარტიის ცნობით, დაკავებულები არიან ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი პოლიციამ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა".

კომენტარები