სტატუსშეჩერებული სტუდენტები

მიმდინარე სემესტრში ფინანსური დავალიანების მქონე 3 327 სტუდენტი გვყავს – თსუ-ს განცხადება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების განულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამჟამად თსუ-ში ფინანსური დავალიანების მქონე 3 327 სტუდენტია. 

თსუ-ს ინფორმაციითვე, რექტორის, ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობით ახალი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხებს განიხილავს.

"უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა, უკვე განსაზღვრა ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა. მიმდინარე სემესტრში თსუ-ში ფინანსური დავალიანების მქონე 3 327 სტუდენტია. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, როგორც სამართლებრივ, ისე ფინანსურ ჭრილში, რომელიც სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს აღუდგენს სტატუსს, რაც მათ საშუალებას მისცემს განაახლონ რეგისტრაციის პროცედურები და სრულად ჩაერთონ სასწავლო პროცესში". - აღნიშნულია თსუ-ს განცხადებაში. 

15 სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა, რომ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს ფინანსური დავალიანებები გაუნულდებოდათ.

ამასთან, განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თქმით, ამ ეტაპზე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებს დავალიანებები ვერ გაუნულდებათ. ამილახვარი ამბობს, რომ სახელმწიფომ კერძო უნივერსიტეტებს არსებული დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება შესთავაზა, რასაც, მისივე განცხადებით, ამ ორი სასწავლო დაწესებულების გარდა ყველა დათანხმდა.

გარდა ამისა, ამილახვარმა უარყო მედიაში, მათ შორის, ტაბულაზე გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 20 სექტემბერს უნივერსიტეტების წარმომადგენლები განათლების სამინისტროში დაიბარეს და მოსთხოვეს, რომ სტუდენტებისთვის დავალიანებები გაენულებინათ.

ტაბულას ინფორმირებული წყაროს ცნობით, 20 სექტემბერს უნივერსიტეტების წარმომადგენლები განათლების სამინისტროში დაიბარეს და მოსთხოვეს, რომ სტუდენტებისთვის დავალიანებები თავად გაენულებინათ.

    კომენტარები