სტატუსშეჩერებული სტუდენტები

პრემიერმა საქართველოს უნივერსიტეტზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელა

მთავრობის ადმინისტრაცია

სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის დავალიანების განულებასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა დღეს, 28 სექტემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მხოლოდ ორი უმაღლესი სასწავლებელი არ დათანხმდა სტუდენტებისათვის დავალიანების ჩამოწერას - "სააკაშვილის დედის უნივერსიტეტმა უარი გვითხრა, რომ ჩამოეწერა სტუდენტებისთვის დავალიანება და მეორე იყო ბენდუქიძის უნივერსიტეტი". პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა ცრუ ინფორმაციის გავრცელებამდე თქვა, რომ სურდა, საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, როგორ აღელვებთ "ნაცმოძრაობასა და ოპოზიციას" სტუდენტები. 

თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა მართლაც თქვეს უარი სახელმწიფოს პოლიტიკური დირექტივით სტუდენტებისთვის დავალიანება ჩამოეწერათ, თუმცასაქართველოს უნივერსიტეტში ტაბულასთან საუბარში ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაცია უარყვეს და გვითხრეს, რომ გასული კვირიდან იღებენ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, რომელთაც სწავლის გაგრძელება სურთ.  

აღსანიშნავია, რომ პრემიერმინისტრის დღევანდელი განცხადება განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გავრცელებულ ინფორმაციასაც ეწინააღმდეგება. 21 სექტემბრის ბრიფინგზე გიორგი ამილახვარმა თქვა, რომ სახელმწიფომ კერძო უნივერსიტეტებს არსებული დავალიანების "ობიექტური საბაზრო ღირებულების" ანაზღაურება შესთავაზა, რასაც, მისივე თქმით, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა ყველა სასწავლო დაწესებულება დათანხმდა.


პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 15 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ფინანსური დავალიანება გაუნულდებოდათ. პრემიერის ინფორმაციით, ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება. მან განათლების და ფინანსთა მინისტრებს დაავალა, დაუყოვნებლივ დაეწყოთ კომუნიკაცია და სასწრაფოდ მოეგვარებინათ საკითხი.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის 27 სექტემბრის განმარტებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არ უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანებას სრულად საქართველოს ბიუჯეტი დაფარავდა. მისივე თქმით,  კერძო უნივერსიტეტებს სახელმწიფოს 20%-იანი მონაწილეობა შესთავაზეს და თანხმობის შემთხვევაში, მათ მოუწევთ, სტატუსშეჩერებულ სტუდენტს დავალიანების 80% ჩამოაწერონ.

"არავინ არავის არაფერს აძალებს. თუ კერძო უნივერსიტეტებს არ ენდომებათ, მათ შეუძლიათ ამაზე უარი თქვან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შეთავაზება უნივერსიტეტებისთვის მისაღები იქნება“. - აღნიშნა კაკაურიძემ.

კომენტარები