სტატუსშეჩერებული სტუდენტები

"ახლა ვიწყებთ მუშაობას" – რა ვიცით სტატუს-შეჩერებული სტუდენტების დავალიანების განულებაზე

სტატუსშეჩერებული სტუდენტები

"ახლა ვიწყებთ მუშაობას" – რა ვიცით სტატუს-შეჩერებული სტუდენტების დავალიანების განულებაზე

“ჩემი გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ 30 000-მდე სტუდენტს არსებული დავალიანებები გაუნულდებათ” - დაწერა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მთავრობის სხდომაზე მინისტრებს დაავალა, "დღესვე დაიწყონ” უნივერსიტეტებთან კომუნიკაცია და "სასწრაფოდ მოაგვარონ" საკითხი.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ეს დავალიანება ჯამში დაახლოებით 40 მილიონი ლარია. პრემიერმინისტრი ირწმუნება, რომ ყველა სტუდენტს, ვისაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუჩერდა სტატუსი, სახელმწიფო დავალიანებას გაუნულებს და მათ შეეძლებათ, სურვილის შემთხვევაში აღადგინონ სტუდენტის სტატუსი და გააგრძელონ სწავლა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილება კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებსაც შეეხებათ. სამინისტროც პრემიერის მსგავსად აღნიშნავს, რომ იწყებს "აქტიურ მუშაობას" უნივერსიტეტებთან.

"იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ და შეუერთდებიან სტუდენტებისთვის ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, სამინისტროები შეიმუშავებენ საჭირო რეგულაციებს, რათა შეიქმნას შესაბამისი პირობები სტუდენტებისთვის დაგროვებული დავალიანების გასანულებლად” - წერია სამინისტროს განცხადებაში.

განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ “დეტალებთან დაკავშირებით მოგვიანებით გაკეთდება განმარტებები”, ამ დროისთვის ისიც არ ვიცით, ზუსტად რას ნიშნავს სამინისტროს განცხადება და რა მოხდება, თუ უნივერსიტეტები სურვილს “არ გამოთქვამენ” და პრემიერის ინიციატივას არ შეუერთდებიან.

“დაგვევალა, დავიწყოთ აქტიური მუშაობა ყველა უნივერსიტეტთან სხვადასხვა სამართლებრივი პროცედურის შესაქმნელად, მათ შორის იქნება სხვადასხვა თემა სტუდენტების კვოტებთან დაკავშირებით, საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ორშაბათიდანვე შევუდგებით და ყველა უნივერსიტეტთან გვექნება კომუნიკაცია ამ საკითხების უსწრაფესად მოსაგვარებლად. მინდა, მივულოცო 30 000 ადამიანს, ახალგაზრდას საქართველოში,რომელმაც პრაქტიკულად დღეს ამ გადაწყვეტილებით განაახლა სტუდენტობა” - თქვა ამილახვარმა.

ვის შეეხება ინიციატივა?

განათლების მინისტრის ცნობით, ფინანსური დავალიანება გაუნულდება 30 000-მდე სტუდეტს, რომელსაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო “სტატუსი აქვს შეჩერებული და არა შეწყვეტილი”.

“სტატუსის შეჩერების ვადა არის 5 წელი, 5 წელი აქვს სტუდენტს უფლება, რომ ფინანსური დავალიანების თუ სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო შეიჩეროს სტატუსი. აღებული გვაქვს მაქსიმალური ვადა - 5 წელი. ამ ვადის გასვლის შემდეგ სტუდენტს უწყდება სტუდენტის სტატუსი და ხელახლა უწევს ეროვნული გამოცდის ჩაბარება.

დღევანდელი მდგომარეობით ვისაც აქვს ვალი, ყველას გავუნულებთ. მათი გადასაწყვეტია, სტატუსს როდის აღიდგენენ, ეს შეიძლება იყოს წელსვე და გვინდა, ასე მოვასწროთ, რომ ამ სასწავლო წელსვე შეძლონ სტუდენტებმა. თუ ამას ვერ შეძლებენ, მათ ვალი ჩამოწერილი ექნებათ და იმ 5 წლის განმავლობაში, სანამ კანონი აძლევთ ვადას, რომ სტატუსი შეჩერებული ჰქონდეთ, იქნება ეს მომავალ წელს თუ შემდგომ, აღიდგენენ სტატუსს” - ამბობს მინისტრი და კითხულობს - “როგორ შეიძლება, ამ გადაწყვეტილებას მოუძებნო რამე ხარვეზი?”.

გიორგი ამილახვარის თქმით, დავალიანებას დაუფარავენ როგორც საჯარო, ისე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს, იმის მიუხედავად, რამდენია სწავლის გადასახადი ამა თუ იმ კერძო უნივერსიტეტში.

“გადასახადების რაოდენობაზე ხომ არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ დაგროვებულ დავალიანებაზე, აქ იქნება რიგი პროცედურული საკითხები, რომელიც უნივერსიტეტებთან იქნება სამსჯელო და გასავლელი და ამას დღეიდან ვიწყებთ, მაგრამ სწავლის საფასურს აქ მნიშვნელობა არ აქვს, მაქსიმუმ ხუთი წლის სტატუს-შეჩერებულ ადამიანს ჯამში რა დავალიანებაც ექნება, ამის დავალიანების დაფარვაზეა საუბარი” - ამბობს მინისტრი.

კითხვაზე, აქამდე თუ ჰქონდათ უნივერსიტეტებთან კომუნიკაცია, გიორგი ამილახვარი პასუხობს - “მე არ მითქვამს, რომ კომუნიკაცია არ გვქონდა, მე ვთქვი, რომ ამ საკითხზე დავიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას, სადაც შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი და სხვა პროცედურული საფუძვლები, რომ ეს საკითხები დავარეგულიროთ. დღეს დაგვევალა პრემიერმინისტრისგან და ახლა ვიწყებთ მუშაობას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეული კომუნიკაციები არ გვქონდა უნივერსიტეტებთან”.

რაც შეეხება კითხვას, მზად იქნებიან თუ არა უნივერსიტეტები ერთდროულად 30 000 სტუდენტის უკან მისაღებად, გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ ეს პროცესის ნაწილია.

“იმ უნივერსიტეტებს, ვისაც კვოტის პრობლემა აქვს ან ექნება სტატუს-აღდგენილი სტუდენტების ფარგლებში, ბუნებრივია, ამ კვოტებს გავუზრდით, შესაბამისად, ამ კუთხით უნივერსიტეტებს არანაირი პრობლემა არ და ვერ შეექმნებათ” - თქვა მინისტრმა.

გიორგი ამილახვარს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისიც ჰკითხეს, თუ შეისწავლეს სტატუსშეჩერებული სტუდენტების ოჯახების მდგომარეობა - დავალიანების დაფარვის შემდეგ თუ შეძლებენ მომდევნო წლების გადასახადების გადახდას.

“ახლა, რავიცი, მე მგონი, ეს არასერიოზული კითხვაა, არსად მსოფლიოს, დედამიწის არცერთ ქვეყანაში მსგავსი რამე არ ხდება, როდესაც მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, პრაქტიკულად ამნისტიის, რომ ჩამოაწეროს ვალები ადამიანებს, ახლა ნუ, გასაგებია, რაზე ვლაპარაკობთ. თუ მეკითხებით, რა სოციალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ ასეთი ტიპის სტუდენტებს, უამრავი პროგრამა გვაქვს, როგორც სოციალური, ისე სტიპენდიები გავზარდეთ აგერ ერთი კვირის წინ” - ამბობს განათლების მინისტრი.

კომენტარები