თავისუფალი უნივერსიტეტი

FreeUni: წლებია ვეწევით და გავაგრძელებთ სტუდენტების მხარდაჭერას შიდა რესურსით

თავისუფალი უნივერსიტეტი

თბილისის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. უნივერსიტეტები, რომლებიც კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მიერ არის დაფუძნებული, აცხადებენ, რომ სტუდენტების მხარდაჭერას წლების განმავლობაში შიდა რესურსებით ეწეოდნენ და ამას ასე გააგრძელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისათვის სოციალურად დაუცველ ყველა სტუდენტს ორივე უნივერსიტეტი ყოველ წელს სრულად უფინანსებს სწავლის საფასურს, ყოველგვარი დამატებითი წინაპირობის გარეშე და ამას გარდა, ცოდნის ფონდი თავისუფალი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, ყოველგვარი დამატებითი წინაპირობის გარეშე, ყოველწლიურად უფინანსებს სწავლის საფასურის ნაწილს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო წლებში დაფინანსების ამ თანხამ დაახლოებით 40 მილიონი ლარი შეადგინა.

გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

"კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მიერ დაფუძნებული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი წლებია ეწევიან და გააგრძელებენ სტუდენტების განათლებისა და კვლევის მხარდაჭერას სხვადასხვა შიდა რესურსით. 

ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისათვის სოციალურად დაუცველ ყველა სტუდენტს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები ყოველ წელს სრულად უფინანსებს სწავლის საფასურს, ყოველგვარი დამატებითი წინაპირობის გარეშე.

ბოლო 4 აკადემიური წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებამ დაახლოებით 2.5 მილიონი ლარი შეადგინა. ეს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ სოციალურად დაუცველს, რომელსაც სწავლა სურს თავისუფალ ან აგრარულ უნივერსიტეტებში, უფასოდ მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება.

აღსანიშნავია, რომ ცოდნის ფონდი თავისუფალი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, ყოველგვარი დამატებითი წინაპირობის გარეშე, ყოველწლიურად უფინანსებს სწავლის საფასურის ნაწილს. ამ დაფინანსებამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჯამში დაახლოებით 40 მილიონი ლარი შეადგინა.

ამავე დროს, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები საბაკალავრო პროგრამის თითოეულ სტუდენტს, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა,  უფასოდ ანიჭებს დამატებით 15 კრედიტს,  რაც თითოეული სტუდენტისათვის დაახლოებით 1500 ლარის დაფინანსებას გულისხმობს.

გარდა ამისა, თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში სწავლა უფინანსდებათ ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადების მონაწილეებსა და პრიზიორებს. ცოდნის ფონდი ერთი წლის სწავლის საფასურს უფინანსებს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტებს, რომლებიც თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტში აბარებენ. ცოდნის ფონდი ასევე აფინანსებს სტუდენტების საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონკურსებსა და კონფერენციებში მონაწილეობას.

საგულისხმოა, რომ დაწყებული სემესტრის პირველი 30 კალენდარული დღის განმავლობაში ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია გადახდილი თანხა უკან დაიბრუნოს აკადემიურ შვებულებაში გასვლის შემთხვევაში. ასევე, სტუდენტს შეუძლია სემესტრული სწავლის დაწყება სწავლის საფასურის წინასწარ გადახდის გარეშე.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებს ვადაგადაცილებულ გადახდებზე არ ერიცხებათ ჯარიმები და საურავები.

კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდმა 2007-2023 წლებში ხარისხიანი განათლებისა და კვლევის ხელმისაწვდომობისათვის 80 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, ომელი გამორჩეული კერძო საქველმოქმედო ინვესტიციაა განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოს მასშტაბით.

ამ კონტექსტში აღვნიშნავთ, რომ ვაფასებთ და გვინდა, მადლიერება გამოვხატოთ ათასობით სტუდენტისა და მათი ოჯახების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლობით და პატიოსნად, საკუთარი შრომის შედეგად, იხდიან სწავლის საფასურს.

ვაცხადებთ, რომ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები კვლავაც გააგრძელებენ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის პოლიტიკას".

აქამდე ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ კერძო უნივერსიტეტებს სტუდენტების დავალიანების განულება მოსთხოვა. ამის შესახებ წყაროებმა სხვადასხვა მედიებთან, მათ შორის ტაბულასთანაც ისაუბრეს.

15 სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილა გამოაცხადა, რომ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს ფინანსური დავალიანებები გაუნულდებოდათ.

 

კომენტარები