ერდოღანის თქმით, მან სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით ოთხმხრივი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.
"ჩვენ ასეთი რამ შევთავაზეთ. სხვა სიტყვებით, მე, პუტინი, ილჰამ ალიევი და ფაშინიანი. მე ვთქვი: მოდი, შევხვდოთ და ერთად განვიხილოთ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მოცემული მომენტისთვის შეთავაზებაზე არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი არ მიგვიღია". - თქვა ერდოღანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ნიუ-იორკში გამგზავრებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ოთხმხრივი შეხვედრის გამართვის ინიციატივის მიზანია, ამ საკითხთან დაკავშირებით იმ ქვეყნებმა აწარმოონ მოლაპარაკებები, რომლებიც მასთან უშუალო შემხებლობაში არიან და არა ქვეყნებმა, რომლებსაც ყარაბაღთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
"ამ საკითხს კიდევ ერთხელ განვიხილავ ალიევთან. ჩვენ მის დაზუსტებაზე ვიმუშავებთ და მოვლენებს ყურადღებით დავაკვირდებით". - დასძინა მან.
პარალელურად, დღეს აზერბაიჯანმა სომხეთი ჭამბარაკის რაიონის ჯილის დასახლებიდან გადაბეის რაიონის აირივანგის დასახლებასთან განლაგებული აზერბაიჯანული ქვედანაყოფებისთვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ბაქოს მიერ გავრცელებულ ცნობებს დეზინფორმაცია უწოდა.
ერდოღანმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის ზრდასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი 9 სექტემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან გამართა. 10 სექტემბერს ფაშინიანთან დაგეგმილ სატელეფონო საუბარზე ლაპარაკისას მან "ყარაბაღში სომხეთის ქმედებები" გააკრიტიკა და 9 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ დაგმო.
ორშაბათს, 11 სექტემბერს ერდოღანსა და ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობაზე ისაუბრეს და "ამ მიმართულებით დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელებაზე" შეთანხმდნენ. საუბრის მეტი დეტალი არ გასაჯაროებულა.
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 7 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. მიზეზად კი, ფაშინიანმა "აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღთან და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ჯარების განთავსება" დაასახელა.
9 სექტემბერს ნიკოლ ფაშინიანსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სომხეთის პრემიერმა ალიევთან სასწრაფო დისკუსიებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მანამდე ფაშინიანი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისს და აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსაც ესაუბრა. მან ქვეყნების ლიდერებთან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან მზარდ დაძაბულობაზე ისაუბრა და ილჰამ ალიევთან "სასწრაფო" მოლაპარაკებებისთვის მზაობა გამოთქვა.
საგარეო პოლიტიკის საკითხებში ალიევის მრჩეველმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა Reuters-ს უთხრა, რომ სომხური მხარისგან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შეთავაზება არ მიუღიათ. ბაქოს თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა სიტუაცია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანთან, იური კიმთან განიხილა.