9 სექტემბერს აზერბაიჯანმა სომეხი სამხედროები ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. ერევანი ბაქოს ბრალდებებს უარყოფს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ნახიჩევანის ჩრდილოეთში, სადარაქთან სომხურმა შენაერთებმა აზერბაიჯანელ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს. უწყების თქმით, აზერბაიჯანელებმა საპასუხო ზომები მიიღეს. დანაკარგის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ბაქოს ბრალდებებს განცხადებით გამოეხმაურა სომხეთის თავდაცვის სამინისტრო და გავრცელებულ ცნობებს დეზინფორმაცია უწოდა.
დღესვე, 9 სექტემბერს ბაქომ სომხეთის შეიარაღებული ძალები პროვოკაციის მოწყობაში კიდევ ორჯერ დაადანაშაულა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ფუზულში, სადაც რუსი სამშვიდობოები არიან განთავსებულნი, სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანულ დანაყოფებთან ახლოს სანგრების გათხრა დაიწყეს, რაც აზერბაიჯანელებმა საპასუხო ზომების საშუალებით აღკვეთეს. უკანასკნელი ცნობის თანახმად კი იმავეს გაკეთება სომხებმა ხოჯავენდის რეგიონშიც სცადეს.
ამასთან, ბაქომ მთიან ყარაბაღში 9 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებიც დაგმო.
პარალელურად, სომხეთის პრემიერი რეგიონისა და მსოფლიო ლიდერებთან სატელეფონო საუბრებს მართავს და მოსალოდნელი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად გზებს ეძებს.
9 სექტემბერს ნიკოლ ფაშინიანსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სომხეთის პრემიერმა ალიევთან სასწრაფო დისკუსიებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მანამდე ფაშინიანი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისს და აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსაც ესაუბრა. მან ქვეყნების ლიდერებთან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან მზარდ დაძაბულობაზე ისაუბრა და ილჰამ ალიევთან "სასწრაფო" მოლაპარაკებებისთვის მზაობა გამოთქვა.
საგარეო პოლიტიკის საკითხებში ალიევის მრჩეველმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა Reuters-ს უთხრა, რომ სომხური მხარისგან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შეთავაზება არ მიუღიათ. ბაქოს თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა სიტუაცია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანთან, იური კიმთან განიხილა.
-
ფაშინიანი: აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღთან და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ჯარებს აგროვებს
-
ღარიბაშვილთან საუბრისას ფაშინიანმა ალიევთან სასწრაფო დისკუსიებისთვის მზადყოფნა დაადასტურა
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 7 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. მიზეზად კი, ფაშინიანმა "აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღთან და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ჯარების განთავსება" დაასახელა.
ცნობისთვის, სომხეთში 11-20 სექტემბერს სომხეთი-აშშ-ს ერთობლივი სამხედრო წვრთნებია დაგეგმილი.