სომხეთის ტერიტორიაზე აშშ-ისა და სომხეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები, სახელწოდებით პარტნიორი არწივი 2023 დაიწყო. ღონისძიება 11-დან 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წვრთნები სომხეთის სასწავლო-სამხედრო ბაზა ზარ-ზე და თავდაცვის სამინისტროს საწვრთნელ ცენტრში გაიმართება.
სწავლების მიზანი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში მონაწილე ქვედანაყოფებს შორის ურთიერთქმედების დონის ამაღლება, სარდლობის, კონტროლის, ტაქტიკური კომუნიკაციების სფეროში გამოცდილებისა თუ ინფორმაციის გაცვლა და NATO-ს ოპერაციებისათვის სომხური ქვედანაყოფების მზადყოფნის გაზრდაა.
პარალელურად, სომხეთში ამერიკელ სამხედროებთან ერთად დაწყებულ წვრთნებს რუსული მხარე უარყოფითად გამოეხმაურა და გასული კვირის განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენჯერმე გამოთქვა "შეშფოთება". ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა G20-ის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა.
"ვწუხვართ სომხეთის ხელმძღვანელობის ქმედებებზე. ჩვენ ეს აქამდეც ვთქვით". - თქვა მინისტრმა, მას შემდეგ რაც 6 სექტემბერს სომხეთისა და აშშ-ს ერთობლივი წვრთნების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
ამასთან, ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების მიერ ამიერკავკასიაში შეღწევის ინიციატივებს არ მიესალმება.
"რა თქმა უნდა, NATO-ს წევრი აგრესიული ქვეყნის მიერ სამხრეთ კავკასიაში შეღწევის მცდელობებში კარგს ვერაფერს ვხედავთ. არ ვფიქრობ, რომ ეს ვინმესთვის კარგის მომტანი იყოს, მათ შორის თავად სომხეთისთვის". - თქვა ლავროვმა.