დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს კვლავ სასაზღვრო ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანელი სამხედროები სოფელ თალიშთან, აზერბაიჯანი, 2020 წლის 22 ოქტომბერი.
Alexey Kudenko/Sputnik

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს სასაზღვრო რეგიონებში ცეცხლის გახსნაში კვლავ ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 9 აპრილის დილით გაავრცელა ცნობა, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ 8 აპრილს 23:35-23:45-ის შუალედში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მათ პოზიციებს, რომლებიც ლაჩინის რაიონში მდებარეობს. ამავე ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა შეასრულეს "ადეკვატური საპასუხო მოქმედებები".

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი წერს, რომ აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული ცნობა არ შეესაბამება რეალობას. ამავე განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 8 აპრილს, 22:50-22:55-ზე სიუნიქის ოლქის ორი სოფლის მახლობლად მდებარე პოზიციების მიმართულებით გახსენეს ცეცხლი.

ბოლო რამდენიმე დღეა სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონებში სიტუაცია კვლავ დაიძაბა. სასაზღვრო ინციდენტების გარდა, ბაქო ერევანს საზღვრის მახლობლად ძალების მოგროვებასაც აბრალებდა, რაც ევროკავშირის სპეციალურმა მისიამ უარყო. 

ვრცლად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ბოლოდროინდელი დაძაბულობის შესახებ, წაიკითხეთ – დემარკაცია, ანკლავები და დაკავებული მიწები – ესკალაციის საფრთხე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის.

ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანის მუქარის ფონზე, სომხეთმა საკუთარ საზღვრებზე დემარკაციისა და დელიმიტაციის სამუშაოების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. 

ფაშინიანი: არ უნდა დავუშვათ ომი, ამიტომ ვთვლით საჭიროდ სომხეთის საზღვრების კორექტირებას

ბაქო სომხეთისგან ითხოვს, რომ დაუყოვნებლივ დააბრუნონ 4 სოფელი, რომლებიც ტავუშისა და ყაზახის პროვინციების საზღვარზე მდებარეობს. ფაშინიანის თქმით, 4 სოფელი, რომელსაც აზერბაიჯანი ითხოვს: ბაღანის-აირუმი, აშაღი-ასქიფარა, ხეირიმლი და ყიზილჰაჯილი 1991 წლის ალმა-ატის პროტოკოლის მიხედვით, დე იურედ სომხეთის ტერიტორიას არ წარმოადგენს.

ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა ამ რეგიონში მცხოვრებებსაც და მათთან საუბრისას აღნიშნა, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია შესაძლოა სწორედ ტავუშის პროვინციიდან დაიწყოს.

კომენტარები