ნიკოლ ფაშინიანსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სომხეთის პრემიერმა ალიევთან სასწრაფო დისკუსიებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
"საუბარი შეეხო ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადის შედეგად მთიან ყარაბაღში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს, მთიანი ყარაბაღის ირგვლივ აზერბაიჯანული ჯარების დაგროვებას, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე დაძაბულობის ზრდის ტენდენციას". - წერია სომხეთის მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
გარდა ამისა, საქართველოს პრემიერთან საუბრის დროს ფაშინიანმა 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში და 2023 წლის 14 მაისს ბრიუსელში გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმებებისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ყველა საკითხი მხოლოდ კონსტრუქციულ ატმოსფეროში, დიპლომატიის გზით უნდა გადაწყდეს.
საპასუხოდ ღარიბაშვილმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად საჭირო ძალისხმევის მიმართვისთვის მზადყოფნა დააფიქსირა.
"ორივე მხარემ ხაზი გაუსვა არსებული პრობლემების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაჭრის მნიშვნელობას. ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ მზადაა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გადაუდებელი დისკუსიები გამართოს". - ამბობენ სომხეთის პრემიერის პრესსამსახურში.
ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბრები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისთან და აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთანაც. ფაშინიანმა ქვეყნების ლიდერებთან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან მზარდ დაძაბულობაზე ისაუბრა და ილჰამ ალიევთან "სასწრაფო" მოლაპარაკებებისთვის მზაობა გამოთქვა.
"პრემიერმინისტრმა ფაშინიანმა დაძაბულობის შესამცირებლად აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სასწრაფო დისკუსიების გამართვის მზადყოფნა გამოთქვა". - წერია 8 სექტემბერს, გვიან ღამით მაკრონთან საუბრის შემდეგ მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აქვე ნათქვამია, რომ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა 2022 წლის ოქტომბერსა და 2023 წლის მაისში აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება.
სომხეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა "რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად ძალისხმევის" მიმართვას გააგრძელებენ.
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 7 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. მიზეზად კი, ფაშინიანმა "აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღთან და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ჯარების განთავსება" დაასახელა.