სომხეთი-რუსეთი

სომხეთის უსაფრთხოებისთვის რუსეთს ვეღარ დავეყრდნობით – ფაშინიანის ინტერვიუ POLITICO-სთან

POLITICO

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა POLITICO-სთან ინტერვიუში სომხეთ-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში კატასტროფული შეჭრა ნიშნავს, რომ სომხეთის რუსეთს, როგორც მისი უსაფრთხოების გარანტს, ვეღარ დაეყრდნობა.

”უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად შეიცვალა რუსეთის შესაძლებლობები, ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს, რომ ამ სიტუაციაში მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება სხვებზე. ჩვენ გვსურს გვქონდეს დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა, მაგრამ თავი უნდა ავარიდოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის შეტაკებების ცენტრში ყოფნას." - თქვა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა POLITICO-სთან ინტერვიუში მთიან ყარაბაღზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსმა სამშვიდობოებმა თავიანთი პირობა ვერ შეასრულეს. 

"მოდელი, რომ ჩვენ პრობლემები გვაქვს მეზობლებთან და ჩვენ უნდა მოვიწვიოთ სხვები, რომ დაგვიცვან - არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ეს სხვები - ეს ძალიან დაუცველი მოდელია. [...] ეს ყველაფერი რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობა უნდა ყოფილიყო და რამდენადაც პრობლემა ისევ არსებობს, რუსმა სამშვიდობოები ვერ შეასრულეს თავიანთი მისია." - თქვა ფაშინიანმა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სომხეთის პრემიერმინისტრი რუსეთს აკრიტიკებს. La Repubblica-სთან ინტერვიუში ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთის უსაფრთხოების მხოლოდ ერთ ცენტრზე, რუსეთზე დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომაა. 

ამასთან, პრემიერმინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მიხედვით ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებენ და ლაჩინის დერეფანი ამჟამად სამშვიდობოების კონტროლის ქვშ არ არის. 

"შეიძლება არსებობდეს ორი მიზეზი: ან რუსეთის ფედერაციას არ შეუძლია ან არ სურს ლაჩინის დერეფანზე კონტროლის შენარჩუნება. ეს ორივე, ჩვენი აზრით, პრობლემურია." - თქვა პრემიერმინისტრმა.


უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისა და ბოლო პერიოდში კრემლთან დისტანცირებისთვის გადადგმული სხვა ნაბიჯების გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის ელჩი დაიბარა

8 სექტემბერს რუსული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ელჩი ვაღარშაკ ჰარუთუნიანი “რთული” საუბრისთვის დაიბარეს.

მანამდე, 6 სექტემბერს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად სომხეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. პარალელურად, იმავე დღეს, სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ცოლი, ანა ჰაკობიანი კიევში ჩავიდა.

ამასსთან, სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) მუდმივი წარმომადგენელი გაიწვია. მეტიც, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება დაგმო, სომხეთმა გამოაცხადა, რომ აშშ და სომხეთი სომხეთის ტერიტორიაზე ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებდნენ.


"სომხეთის ხელისუფლებამ, ფაქტობრივად აღიარა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის". - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე.

როგორც პუტინმა აღნიშნა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პირდაპირ ამბობს, რომ "ყარაბაღის სტატუსის განსახილველი საკითხი აღარ არის, ის მოგვარებულია".

"სომხეთის ხელმძღვანელობამ ეს საჯაროდ განაცხადა. 1991 წლამდე აზერბაიჯანის სსრ-ის ფარგლებში მთელი ტერიტორია გაზომა და დაასახელა რიცხვი, რომელიც მოიცავდა თავად ყარაბაღის ტერიტორიასაც. ეს მოხდა. ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება - ეს არის სომხეთის დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილება". - თქვა პუტინმა. 

პუტინმა ასევე თქვა, რომ იგი მუდმივ კონტაქტზეა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და ცოტა ხნის წინ მისგან წერილიც კი მიიღო. მისი თქმით, რუსეთს არც სომხეთთან და არც მის პრემიერმინისტრთან "პრობლემა არ აქვს". 

კომენტარები