თბილისის საკრებულო

ენმ-ის წევრებმა ცათამბჯენების პროექტებთან დაკავშირებით პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა თბილისის საკრებულოს მიერ ცათამბჯენების სადავო, სამშენებლო პროექტების მხარდაჭერასთან დაკავშირებით პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს. მათი თქმით, საკრებულოს სხდომაზე, სადაც თბილისის განაშენიანების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, კენჭისყრა კანონდარღვევით ჩატარდა.

"საკრებულოს ბოლო სხდომაზე მოხდა შემდეგი - რამდენიმე მილიარდერის ინტერესების დასაცავად, ქართული ოცნების დეპუტატებმა კანონი დაარღვიეს და ხმა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ, სხვა დეპუტატების პულტებიდანაც მისცეს, რომლებიც იმ დროს დარბაზში საერთოდ არ იმყოფებოდნენ. ეს არის სამსახურებრივი სიყალბე [...] ეს არ არის რეგლამენტის დარღვევა, ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის დარღვევა, რაც სამსახურებრივ სიყალბეს გულისხმობს". - თქვა ენმ-დან თბილისის საკრებულოს წევრმა, გიორგი ონიანმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრები საქართველოს პროკურატურაში შეტანილი განცხადებით ითხოვენ, რომ უწყებამ გამოძიება სწორედ სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით დაიწყოს.

ენმ-ის წევრების განცხადებებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე გამოეხმაურა. ტყემალაძე ამბობს, რომ კენჭისყრების პროცედურასთან დაკავშირებით არანაირი დარღვევა არ ყოფილა.


25 აგვისტოს სხდომაზე თბილისის საკრებულომ ცათამბჯენების სამშენებლო პროექტებს, რომლებიც სადავო საკითხი იყო, მხარი დაუჭირა. სადავო პროექტი ეხებოდა განაშენიანების გეგმებს ლაგუნა ვერესთან, ვაკეში, დიღომსა და ნაძალადევში.

თბილისის საკრებულოს მხარდაჭერა არ ნიშნავს, რომ აღნიშნულ პროექტებს მშენებლობის ნებართვა ავტომატურად ეძლევათ. ამ ნებართვისთვის საჭიროა მერიის დასტური. საკრებულოს მხარდაჭერით, ორგანო თანახმაა, რომ გარკვეულ ტერიტორიაზე ინვესტორმა ინფრასტრუქტურა საკუთარი სურვილისამებრ განავითაროს. იმისათვის, რომ ინვესტორმა მერიისგან მშენებლობის ნებართვა მიიღოს, შესაძლოა პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანაც დასჭირდეს.

ოპოზიციონერების კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო ლაგუნა ვერეს მიმდებარედ დაგეგმილი 52-სართულიანი ცათამბჯენის პროექტი. 10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რომლის ფონდმა ქართუმ  ლაგუნა ვერეს ტერიტორია გაყიდა.

ამას გარდა, მხარი დაუჭირეს ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძის პროექტსაც, რომლის მიხედვითაც ვაკეში 169-სართულიანი შენობის აშენება იგეგმება და პარლამენტის დეპუტატის ქართული ოცნების წარმომადგენელ ნინო წილოსანის ოჯახთან დაკავშირებული კომპლექსის მშენებლობასაც.

კომენტარები