თბილისის საკრებულო

პირადი გადაწყვეტილებაა, უამრავი შეურაცხყოფა მიიღო – კალაძე საკრებულოდან ძაძამიას წასვლაზე

ივანიშვილის თბილისის მერი კახა კალაძე ადასტურებს, რომ ლუკა ძაძამიამ საკრებულო დატოვა. კალაძის თქმით, ძაძამიამ ბოლო თვეებში "უამრავი შეურაცხყოფა მიიღო" და მანდატის დატოვება მისი პირადი გადაწყვეტილებაა. 

"ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ამ ახალგაზრდა ადამიანმა უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში. ის აპირებს, მუშაობა კერძო სექტორში განაგრძოს. ის ქართული ოცნების მხარდამჭერია. გუშინ გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, თავად გააკეთებს განმარტებას". - განაცხადა კალაძემ. 

გუშინ, 20 ნოემბერს, TV პირველმა გაავრცელა დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ლუკა ძაძამიამ თბილისის საკრებულო დატოვა.

პრესსამსახურის ცნობით, მედიის კითხვაზე, ძაძამიას წასვლა ხომ არ უკავშირდება წარსულში აქციებში მის მონაწილეობას, კალაძემ თქვა, რომ "შეუცდომელი არავინაა" და მის მიმართ ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდან პრეტენზიები არ ყოფილა.

"ყველას გვეშლება ცხოვრებაში, ის ახალგაზრდაა, მან გააკეთა განმარტებები ამასთან დაკავშირებით, რომ დაუშვა შეცდომა. მის აწმყოზე ყველაფერი გასაგები იყო, მომავლზე - თვითონ ისაუბრებს. არანაირი პრეტენზიები მის მიმართ ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდან არ ყოფილა". - თქვა კალაძემ.

ლუკა ძაძამია, რომელიც კახა კალაძემ ქართული ოცნებიდან თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარადგინა, წარსულში პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილე იყო. ძაძამიამ ოცნების სიაში წარდგენის შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ აქციებში მონაწილეობდა რადგან "პროპაგანდით შეცდომაში იყო შეყვანილი".

კომენტარები