თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოში ოცნებას კვორუმი შეუქმნა, გუნდიდან გავრიცხეთ - ბუაძე კაკაურიძეზე

ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, ბოიკოტის მიუხედავად, მათი კოალიციის გლდანის შტაბის წარმომადგენელი, მიხეილ კაკაურიძე თბილისის საკრებულოს 23 მაისის სხდომაზე, ქართულ ოცნებას კვორუმის შექმნაში დაეხმარა, რამაც მათ საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საშუალება მისცა.

ბუაძის თქმით, მან კაკაურიძის გუნდიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

"23 მაისს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე ქართული ოცნების შემადგენლობა კვორუმის არქონის გამო ვერ ხსნიდა სხდომას, სადაც უნდა მომხდარიყო საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევა და ვიცე-მერის ახალი კანდიდატურის დამტკიცება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ძლიერი საქართველო და თბილისის საკრებულოში ოპოზიციის სრული შემადგენლობა, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიტაცების შემდეგ, იმყოფება პოლიტიკურ ბოიკოტში და არ მონაწილეობს საკრებულოს სხდომებში. ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილება ძლიერი საქართველოს პოლიტსაბჭომ 2024 წლის ნოემბერში მიიღო.

სამწუხაროდ, საერთო ოპოზიციური ბოიკოტისა და მკაფიო მოწოდების მიუხედავად, ძლიერი საქართველოს გლდანის შტაბის წარმომადგენელმა და საკრებულოს წევრმა, მიხეილ კაკაურიძემ, რომელიც 2024 წელს შემოგვიერთდა, დაარღვია აღნიშნული ბოიკოტი და ქართულ ოცნებას კვორუმის შექმნაში დაეხმარა, რის გამოც, როგორც ძლიერი საქართველოს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა, მივიღე გადაწყვეტილება, შევწყვიტოთ თანამშრომლობა მიხეილ კაკაურიძესთან და ის გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან". - წერს საბა ბუაძე.

23 მაისის სხდომაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. აბაშიძე თამჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იყო, რომელიც 21 მაისიდან თბილისის ვიცე-მერის პოზიციას იკავებს.

კომენტარები