სტიქია რაჭაში

დავითაშვილი: რა სისტემებიც არ უნდა გვქონდეს, მსგავსი ტიპის ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიას გამოეხმაურა. დავითაშვილის თქმით, საქართველოს რა სისტემებიც არ უნდა ჰქონდეს, მსგავსი ტიპის ტრაგედია მაინც გარდაუვალი იქნებოდა.

"ქვეყანას უსაფრთხოების რესურსების პრობლემა დღეს არ გააჩნია, მაგრამ სტიქიასთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უძლურები ვართ და რაღაცეების პრევენცია, თავიდან არიდება, ალბათ, შეუძლებელია ხოლმე. ასეთი რამ ხდება არა მხოლოდ საქართველოში, ხდება ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში და ძალიან სამწუხაროა, რომ ხანდახან ადამიანები, სისტემები თუ  სახელმწიფო ინსტიტუტები, მთლიანად ქვეყნები არიან უძლურნი სტიქიური უბედურებების პრევენციისა და აღკვეთის წინაშე. მას შემდეგ, რაც დავიწყეთ კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად პროგრამა, რომელიც საქართველოში გეოლოგიურ საფრთხეების შესწავლას განახორციელებდა, ასევე ქვეყანაში შეიქმნებოდა შესაბამისი სისტემა გეოლოგიური საფრთხეების პრევენციის კუთხით, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ მსგავსი ტიპის ტრაგედია, რომელიც მოხდა შოვში, გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში და ჩვენ რა სისტემებიც არ უნდა გვქონდეს, გვაქვს ან გვექნება მომავალში, შეიძლება მოხდეს ტრაგედიები, სამწუხაროდ და ამისგან დაზღვეული მსოფლიოში არავინ არ არის [...] სამწუხაროდ, რაც არ უნდა გაკეთდეს, შეიძლება უსუსურები ვიყოთ მსგავსი ტიპის სტიქიური უბედურებების წინაშე და სპეკულირება ასეთი თემებით ყოვლად ამორალურია". - თქვა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ლევან დავითაშვილმა 2018 წელს, ჭუბერის ხეობაში მომხდარი სტიქიის დროს თქვა: "2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება. მნიშვნლოვანია, რომ ისეთ მდინარეებზე, როგორიც არის ნენსკრა, ჩვენ გვქონდეს ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა, რაზეც უკვე აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. აღნიშნული სისტემებით მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც პრევენციის ღონისძიებებისთვის აუცილებელია“.


2023 წლის 3 აგვისტოს, რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ნაპოვნია 18 ადამიანის ცხედარი, ეძებენ 16 მოქალაქეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნით, 3 აგვისტოს ბუბისწყლის ხეობაში კლდეზვავის მასა და მყინვარის ნაწილი ჩამოიშალა, რასაც თან დაერთო თანმდევი მეწყრული და ღვარცოფული პროცესები. გარემოს დაცვის მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით, "როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, სტიქიის პროგნოზირება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო".

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მძლავრი ტალახ-ქვიანი ღვარცოფული ნაკადი დინების ქვემო წელში გადავიდა კალაპოტიდან და დაახლოებით 15:15-ზე გაიშალა შოვის (ე.წ. კოტეჯების უბანი) ტერიტორიაზე - დაახლოებით, 26 ჰექტარზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღვარცოფული ნაკადის შემადგენლობის, ხეობის დახრილობის (ენერგეტიკული პოტენციალი), მორფოლოგიური პირობების და მანძილის გათვალისწინებით, სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, წინასწარი გათვლებით, უნდა მიეღწია 8-10 წუთში. 

კომენტარები