სტიქია რაჭაში

ჭუბერის სტიქიისას მინისტრი ამბობდა, რომ "2-3 წელში" ადრეული გაფრთხილების სისტემა გვექნებოდა

ეკონომიკის სამინისტრო

5 წლის წინ, ჭუბერის ხეობაში მომხდარი სტიქიის დროს, მაშინდელი გარემოს დაცვის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობდა, რომ "2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა" გვექნებოდა. ეკონომიკის მოქმედმა მინისტრმა ეს განცხადება 2018 წლის ივლისში, სტიქიის ზონაში გააკეთა.

"2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება. მნიშვნლოვანია, რომ ისეთ მდინარეებზე, როგორიც არის ნენსკრა, ჩვენ გვქონდეს ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა, რაზეც უკვე აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. აღნიშნული სისტემებით მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც პრევენციის ღონისძიებებისთვის აუცილებელია“, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობდა მაშინ ლევან დავითაშვილი.

ტაბულა დაუკავშირდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს კითხვით - რა ეტაპზეა "ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა", რაზეც მინისტრის თქმით, "შესაბამისი სამსახური" ჯერ კიდევ 5 წლის წინ მუშაობდა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

2018 წლის 5 ივლისს სვანეთში, ჭუბერში, ნენსკრაჰესთან მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარის ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ წაიღო რამდენიმე ხიდი და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. მაშინ ჭუბერის ხეობა გარესამყაროს მოწყდა. 


2023 წლის 3 აგვისტოს, რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ნაპოვნია 18 ადამიანის ცხედარი, ეძებენ 16 მოქალაქეს.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნით, 3 აგვისტოს ბუბისწყლის ხეობაში კლდეზვავის მასა და მყინვარის ნაწილი ჩამოიშალა, რასაც თან დაერთო თანმდევი მეწყრული და ღვარცოფული პროცესები. გარემოს დაცვის მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით, "როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, სტიქიის პროგნოზირება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო".

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მძლავრი ტალახ-ქვიანი ღვარცოფული ნაკადი დინების ქვემო წელში გადავიდა კალაპოტიდან და დაახლოებით 15:15-ზე გაიშალა შოვის (ე.წ. კოტეჯების უბანი) ტერიტორიაზე - დაახლოებით, 26 ჰექტარზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღვარცოფული ნაკადის შემადგენლობის, ხეობის დახრილობის (ენერგეტიკული პოტენციალი), მორფოლოგიური პირობების და მანძილის გათვალისწინებით, სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, წინასწარი გათვლებით, უნდა მიეღწია 8-10 წუთში. 

კომენტარები