ოპოზიცია

ხაბეიშვილი: პარტიებთან ერთობაზე კონსულტაციები დავასრულეთ

ინტერპრესსნიუსი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, გამარჯვების პლატფორმამ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებაზე კონსულტაციები უკვე დაასრულა და ამჟამად მათ არცერთი პარტია შეუერთდება.

"ჩვენ კონსულტაციები დავასრულეთ. ჩვენ ერთობაზე ვსაუბრობდით პირველები, ერთობა შევქმენით პირველებმა. ვაპირებთ, რომ დავამარცხოთ რუსული პარტია. შესაბამისად, თუ ვინმეს რაიმე გადაწყვეტილება ექნება, ჩვენ კარს არავისთვის დავხურავთ. თუმცა, პირდაპირ გეტყვით, მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, თუ პირობითად ნაციონალურ მოძრაობასთან ვერ თანამშრომლობენ, არ უნდათ ამის გაკეთება, ერთმანეთს დაელაპარაკონ და ერთად გააკეთონ ალტერნატიული ძალა პროდასავლურ ველზე". – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

20 ივლისს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა პოლიტიკურ ალიანსი – გამარჯვების პლატფორმა შექმნეს. სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლების თქმით, თუ საჭირო იქნება, ისინი არჩევნებზე 5 ნომრით გამოსვლაზეც თანახმა იქნებიან.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სტრატეგია აღმაშენებელმა პროპორციულ ნაწილში ხმების 1.34% მიიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 30.67%. ცესკოს მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სტრატეგია აღმაშენებელს მხარი მოსახლეობის 3.15%-მა დაუჭირა, ხოლო ენმ-ს 27.18%-მა.


პოლიტიკური გაერთიანების შექმნის იდეას სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. მანამდე სტრატეგია აღმაშენებლთან ალიანსში მყოფი დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ "ოპტიმალურ საარჩევნო კონფიგურაციაში ვაშაძე თავის თავს ხედავს ენმ-სთან, დროა კი – არა". 

ასევე აქამდე გაერთიანებაში მყოფი გირჩი – მეტი თავისუფლების თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ პარტია ენმ-სთან საერთო საარჩევნო სუბიექტად ყოფნას არ აპირებს და გაერთიანებაზე საუბრობენ ლელოსთან, დროასთან და სხვა პარტიებთან.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანება ქართული ოცნებისთვის ძალაუფლების შენარჩუნების გზაა.

პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ლელო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას აპირებს, სადაც ნაციონალური მოძრაობის ადგილი არ იქნება.

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ისინი არცერთ სხვა პოლიტიკურ სუბიექტთან არ გაერთიანდებიან.

კომენტარები