ოპოზიცია

ვის იყენებს ხელისუფლება დასავლური დახმარების დისკრედიტაციისთვის

ოპოზიცია

ვის იყენებს ხელისუფლება დასავლური დახმარების დისკრედიტაციისთვის

"დაახლოებით, 3-4 წელია პროექტი არ განმიხორციელებია" – ასე უპასუხა ტაბულას ა(ა)იპ რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის თავმჯდომარემ, დავით ჩიხელაძემ, რომელმაც 21 აგვისტოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა, შეისწავლონ, მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების რეგულირების საკითხი. არასამთავრობომ პარტნიორი ორგანიზაციების გავლით "უკანონო შემოწირულების" მიღებაში დაადანაშაულა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, გირჩი – მეტი თავისუფლება, დროა, პარტია ხალხისთვის, მოქალაქეები, რესპუბლიკური პარტია და სტრატეგია აღმაშენებელი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება მაისში გააკეთა და ოპოზიციური პარტიები უცხოეთიდან დაფინანსების უკანონო გზით მიღებაში დაადანაშაულა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც. მან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდა, პარტიების დაფინანსების "სქემებით" დაინტერესებულიყო. პაპუაშვილმა პარტიებზე საუბრისას ახსენა "ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები", პარტია გირჩი, დროა და ევროპული საქართველო, რომლებიც ასევე ნახსენები იყო რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის თავმჯდომარის განცხადებაშიც.

პაპუაშვილმა პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების "უკანონო" დაფინანსებაზე საუბარი 2023 წლის მარტში უცხოური აგენტების გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ მასშტაბური პროტესტისა და ხელისუფლების მიერ კანონპროექტის გაწვევიდან 2 თვის თავზე განაახლა. თუმცა, ამჯერად ინსტრუმენტად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოყენება სცადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ტაბულას "პარტიული მედია" უწოდა 2023 წლის მარტშიც.

მთავარი რედაქტორი ტაბულას შესახებ პაპუაშვილის განცხადებას პასუხობს

დავით ჩიხელაძის მიერ 21 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ ევროპული საქართველო "უმეტეს პარტიულ აქტივობებს ახორციელებს მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან ერთად", ამ ორგანიზაციების ჩამონათვალში კი ტაბულაც იყო. გამოცემამ ჩიხელაძეს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ჩატარებული აქტივობების, მათ შორის აფხაზეთში ქართველთა გენოციდის აღიარების კამპანიის შესახებაც ჰკითხა, მიიჩნევდა თუ არა ამგვარ თანამშრომლობას პარტიულ სამსახურად. ჩიხელაძემ თქმით, "რუსეთი ოკუპანტია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, რომელიც მე დეტალებში არ ვიცი... აფხაზეთში ომი არ არის ჩემთვის ახლო თემა".

ჩიხელაძემ გვითხრა, რომ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს იმ პარტიების მიერ წარმართული პროექტების შესახებ, რომლებზეც 21 აგვისტოს განცხადებაში ისაუბრა.

"თუ არის კანონის დარღვევა იმაში, რომ ორგანიზაციამ მიიღო გარკვეული დაფინანსება, არ აქვს მნიშვნელობა, რა განახორციელა ამით, თუ ეს მოახმარა პარტიულ აქტივობას, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა". – თქვა ჩიხელაძემ.

ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის მიერ სახელმწიფო აუდიტისთვის ოპოზიციური პარტიების დაფინანსების მოკვლევის დაწყების მოთხოვნას გამოეხმაურა. ჩერგოლეიშვილი წერს, რომ ქართული ოცნება სატელიტი ორგანიზაციის მეშვეობით მორიგ კამპანიას აგორებს იმაზე, რომ ოპოზიციური პარტიები დასავლეთიდან ფინანსდებიან.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმ ეროვნული საფრთხეების დასაძლევად, რაც საქართველოს წინაშე დგას და იმ ღირებულებების დასაცავად, რასაც მრავალი ქართველი ისტორიული გმირის სიცოცხლე შეეწირა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა თანამშრომლობაა საჭირო. ასეთი საკითხია რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილი ქართველთა გენოციდი, ასეთია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების საგზაო რუკის შემუშავება, ასეთია ჩვენი ევროპული იდენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. უფრო მეტიც, ვაპირებთ, პარტნიორ ორგანიზაციათა ქსელი მეტად გავაფართოოთ, რათა ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამოცანებს – ამ ქვეყნის დემოკრატიზაციას და ევროპაში ინტეგრაციას მივაღწიოთ". – დაწერა ჩერგოლეიშვილმა.

ტაბულამ რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის  განცხადებაზე ჰკითხა გირჩი – მეტი თავისუფლებასაც. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ცოტნე კობერიძის თქმით, ორგანიზაციის მიერ განცხადებაში ნახსენები ინსტიტუტისგან პარტიას არანაირი ფინანსური სარგებელი არ მიუღია და არც სხვა მსგავსი პროექტებიდან იღებს, შესაბამისად, აუდიტის სამსახური ვერაფერ პრობლემურს ამგვარ აქტივობებში ვერ აღმოაჩენს.

"გირჩი ყველა აქტივობას ღიად აკეთებს, მათ შორის გირჩის ლიდერები სპიკერებად არიან წარმოდგენილი იმ აკადემიებში, რასაც ეს არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს. მათ ფინანსურად არანაირი კავშირი გირჩთან არ ჰქონია, გირჩს არცერთი თეთრი არ შემოსვლია. [...] შესაბამისად, აუდიტის სამსახური რასაც არ უნდა ჩაუღრმავდეს, არანაირი პრობლემა არ გვაქვს". – უთხრა კობერიძემ ტაბულას.

რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის შესახებ

რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრი 2018 წელს რეგისტრირებული არაკომერციული იურიდიული პირია. მისი დამფუძნებელი და პირველი თავმჯდომარე ლევან ალუღიშვილია, ხოლო 2019 წელს მისი თავმჯდომარე დავით ჩიხელიძე ხდება. ორგანიზაცია ამჟამად ჭიათურაში, დავით ჩიხელაძის საცხოვრებელ მისამართზეა რეგისტრირებული.

ტაბულა რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად თავად დავით ჩიხელაძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში არც აქტივობები ჰქონიათ და არც დონორები ჰყოლიათ.

"დაახლოებით, 3-4 წელია პროექტი არ განმიხორციელებია, ასე რომ, დონორებიც შესაბამისად არ მყოლია. ზოგადად, რამდენიმე პროექტი იყო, არჩევნებს ვაკვირდებოდით, დამკვირვებელი ვიყავი".  ამბობს ჩიხელაძე.

ორგანიზაციის ახლა გააქტიურების შესახებ ტაბულას კითხვაზე პასუხად ჩიხელაძემ თქვა, რომ განცხადება კი ორგანიზაციის სახელით გაკეთდა, თუმცა ის "ყოველდღიურად ისედაც აქტიურ" დავით ჩიხელაძეს პირადად ეკუთვნოდა.

"უბრალოდ თუ გადახედავთ ჩემს პიროვნებას, დავით ჩიხელიძეს, ნახავთ, რომ ახლა არ გავაქტიურებულვარ. განცხადება ორგანიზაციის სახელით იყო, მაგრამ დავით ჩიხელიძის, პირადად ჩემი. უბრალოდ შევიტანე განცხადება ორგანიზაციის სახელით და არა ჩემი სახელით. აქტიურობასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა იყოს, რადგან ჩემი აქტიურობა თითქმის ყოველდღიურია ბოლო წლების განმავლობაში, იგივე განცხადებები და ასე შემდეგ".  თქვა ჩიხელაძემ.

რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრს ბოლო 3 წლის განმავლობაში საჯარო პროექტები და აქტივობები მართლაც არ წარუმართავს, თუმცა ის 2019-2020 წლებში აქტიურად იღებდა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის გრანტებს.

ამავე ორგანიზაციის დამფუძნებელი, ლევან ალუღაშვილი ასევე ხელმძღვანელობს 2015 წელს დაფუძნებულ ორგანიზაცია ახალგაზრდული ცენტრი  ჩვენი თაობა 1921-ს. 

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ დავით ჩიხელაძისა და ლევან ალუღაშვილის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს 2019-2020 წლებში "ამომრჩეველთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით" ცესკოსგან გრანტის სახით 140 000 ლარზე მეტი აქვთ მიღებული:

2019 წლის თებერვალი: რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრმა პროექტისთვის "ყველა არჩევნებზე" 19 104 ლარი მიიღო, ხოლო ალუღიშვილის თავმჯდომარეობით მეორე ორგანიზაციამ, ახალგაზრდული ცენტრი ჩვენი თაობისთვის 1921 პროექტისთვის "აქტიური ახალგაზრდა ძლიერი სახელმწიფოსთვის"  29 273.5 ლარი. 

2019 წლის ივლისი: რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრმა ცესკოსგან 24 480.5 ლარი მიიღო პროექტისთვის "მოდი არჩევნებზე, გააძლიერე სახელმწიფო". რაც შეეხება ალუღიშვილის თავმჯდომარეობით მეორე ორგანიზაციას, ამავე წელს პროექტისთვის "მონაწილეობა მნიშვნელოვანია, შენი ხმა გადამწყვეტია" 28 611.2 ლარი მიიღო

2020 წლის ივლისი: პროექტისთვის "ცოდნა შენი სიძლერეა" რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრმა 19 960 ლარი მიიღო, ხოლო ამავე ტიპის მეორე ორგანიზაციამ პროექტისთვის "არჩევნები 2020"  19 923 ლარი.

ამასთან, 2020 წელს საარჩევნო ადმინისტრაციას რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის მიერ საგარეჯოში, გურჯაანში, სიღნაღსა, დედოფლისწყაროში პროექტის ჩასატარებლად 81 000 ლარი ჰქონდა გათვლილი, თუმცა ცესკოს დოკუმენტებში დაზუსტებული არ არის თანხის რა ნაწილი მიიღო ამ ორგანიზაციამ.

ბესიკ დონაძის შეფასებით, ეს ორგანიზაციები ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობენ ისინი მმართველი პარტიის დავალებებს ასრულებენ.

“ესენი არიან ორგანიზაციები, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ ოცნებასთან. ისინი არიან ქართულ ოცნებასთან აფილირებული NGO-ები, რომლებსაც იყენებენ არჩევნებზე, დამკვირვებლები სტატუსით შეჰყავთ მათი მხარდამჭერები და პლუს ამას, ამ ადამიანებს შენახვა სჭირდებათ - ფული სჭირდებათ, ხელფასი სჭირდებათ. ქართულ ოცნებას რომ რაღაც საქმე გაუკეთო, ამისთვის ფული უნდა გადაგიხადოს, ამიტომ მოფიქრებული არის ძალიან მარტივი სქემა. [...] ცესკოს, სრულად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აკონტროლებს ქართული ოცნება, კონკრეტულად გიორგი ჯავახიშვილი, დანარჩენები თავმჯდომარე და მოადგილეები ნომინალური პირები არიან. ცესკოდან მიღებული აქვს 146 000 ლარი, შესაბამისად, რასაც დაავალებს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციას, იმას გააკეთებს".  ამბობს დონაძე ტაბულასთან საუბრისას.

მმართველი პარტიის აქტიური მხარდამჭერი

თავად დავით ჩიხელაძე მმართველი პარტიის აქტიური მხარდამჭერია. სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო პოსტებში ის აქტიურად უჭერს მხარს ქართული ოცნებას და აკრიტიკებს ოპოზიციას.

"მჯერა ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით წინ კიდევ ბევრი სიახლე გველოდება".  წერს ჩიხელაძე 17 აგვისტოს საქართველოსა და ისრაელის პრემიერმინისტრების შეხვედრის შესახებ.

მან ასევე დაიცვა ღარიბაშვილი და აშშ-ს ყოფილ კონგრესმენზე, ადამ კინზინგერზე დაწერა, რომ ის "უბრალოდ სისულელეს კი არა, მუდამ დიდ სისულელეს ამბობს"

"პრემიერი კორუმპირებული არისო, სადაა ფაქტი? კეთილი ინებოს, ან ბოდიში მოიხადოს, ან ფაქტები დადოს. მაგრამ ფაქტები ბუნებაში არ არსებობს, ბოდიშის მოხდის ერთი ადგილი კი არ აქვს". – დაწერა ჩიხელაძემ 14 აგვისტოს.

ჩიხელაძე ზოგადად გამოირჩევა ანტიდასავლური პოსტებითაც.

"ათიდან ცხრა ამერიკელი თვლის, რომ ამერიკა ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის წინაშე დგას". – წერს ჩიხელაძე 11 აგვისტოს.

ჩიხელაძემ ტაბულასთან საუბირისასაც თქვა, რომ "ქართველებს ბევრ რამეში ევროპელებს შეგვიძლია ვასწავლოთ ევროპელობა".

ის ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის მთავარ შემაფერხებლად უკრაინასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევს.

აღსანიშნავია, რომ თამარ ჩერგოლეიშვილს კომენტარისთვის სამთავრობო მედიამ, რუსთავი 2-მა მიმართა. ნაციონალური მედია აქტიურად აშუქებს ორგანიზაციასა და პირს, რომელიც ბოლო 3 წელია არანაირ პროექტს ახორციელებს, მაგრამ ცესკოსგან ათიათასობით ლარის დაფინანსებას იღებს. დავით ჩიხელაძის პოსტებს აქტირად აშუქებენ და აზიარებენ სამთავრობო ტელევიზიები და ვებ-გვერდები.

როგორც ტაბულას თავად ჩიხელაძემ უთხრა, მისი აქტიურობის შესახებ "კითხვები არ უნდა იყოს". ის მართლაც თითქმის ყოველდღე ესარჩლება ქართული ოცნების ლიდერებს და აკრიტიკებს მმართველი პარტიის ოპოზიციას. მეორე მხრივ, მხოლოდ ახლა, 3-წლიანი პაუზის შემდეგ გადაწყვიტა მისი ორგანიზაციის სახელით სახელმწიფო აუდიტისთვის ოპოზიციური პარტიებისა და მათი პარტნიორი ორგანიზაციების  დაფინანსების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით მიემართა.

ირონიულია, რომ ხელისუფლება, რომელიც არჩევნების გაყალბების მიზნით ასობით არასამთავრობო ორგანიზაციას აფუძნებს, ცდილობს რესპექტაბელურ მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გამოღმა იმ პირების მეშვეობით შეედავოს, რომლებიც ბატონის შუბს ხალათში მალავენ.

კომენტარები