ოპოზიცია

ხაბეიშვილი: უახლოეს ხანებში ნახავთ იმ დიდ ერთობას, რომელიც ენმ-ს გარშემო აუცილებლად იქნება

ინტერპრესსნიუსი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბიეშვილის თქმით, უახლოეს ხანებში საზოგადოება ნახავს იმ "დიდ ერთობას", რომელიც ენმ-ს გარშემო შეიქმნება. 

"გაერთიანებაზე კი, სხვათა შორის, მე ორი კვირის წინ დავიწყე საუბარი და ვიღაცები გადაბჟირდნენ, მძიმე ისტერიკები ჰქონდათ. მოვუწოდებ მათ, რომ ამ ისტერიკებს სჯობს, იფიქრონ გარკვეულ გაერთიანებებზე, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის იქით, ჩვენ არავინ არსად დაგვიპატიჟებია, ჩვენ შევთავაზეთ, რომ საერთო სტრატეგია გვქონდეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს საერთო სტრატეგია არ უნდათ, მე მგონია, ისინი არც ოპოზიციონერები არიან. საერთო სტრატეგია, ერთობა არის მნიშვნელოვანი, რა გვინდა, იმ საკითხზეც, ცხადია, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა. დანარჩენი ვინ როგორ დაჯგუფდება ნაციონალური მოძრაობის იქით, ეს მათი საქმეა და მეტიც, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გაძლიერდნენ.

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ უახლოეს ხანებში საჯაროდ ნახავთ იმ გაერთიანებებს თუ იმ დიდ ერთობას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის გარშემო აუცილებლად იქნება". – თქვა ლევან ხაბეიშვილმა პირველი არხის ცნობით.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ "უდიდესი ერთობა" რამდენიმე კვირის წინაც დააანონსა. ხაბეიშვილის სიტყვებს ოპოზიციის ნაწილი გაემიჯნა. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიცია, მათ შორის, არჩევნებამდეც უნდა გაერთიანდეს. მისივე თქმით, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ერთ რანგში დაყენება არასწორია. სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის ლელომ და ევროპულმა საქართველომ ენმ-სთან გაერთიანება გამორიცხეს.

კომენტარები