მარცვლეულის შეთანხმება

აფრიკის ლიდერებმა პუტინს მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მოუწოდეს

ვლადიმირ პუტინი 2022 წლის 9 მაისის პარადზე.
РИА

აფრიკის ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად სამშვიდობო გეგმა წარუდგინეს და მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო, Reuters-ი ავრცელებს.

"აფრიკული (მშვიდობის) ინიციატივა დიდ ყურადღებას იმსახურებს, ის სათანადოდ უნდა იყოს შეფასებული. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ევროპაში მშვიდობის აღდგენისკენ". - უთხრა კონგოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დენის სასოუ ნგესომ პუტინსა და აფრიკელ ლიდერებს სანკტ-პეტერბურგში გამართულ რუსეთ-აფრიკის ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ ფორუმზე.

ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ მოუწოდა რუსეთს აღედგინა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება. სისიმ, რომლის ქვეყანა შავი ზღვის მარშრუტის გავლით მარცვლეულის მთავარი შემსყიდველია, სამიტზე თქვა, რომ შეთანხმების აღდგენასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას "არსებითი მნიშვნელობა აქვს".

სამიტზე პუტინმა კვლავ გაიმეორა, რომ სურსათზე მსოფლიო ფასების ზრდა იყო დასავლური პოლიტიკის შეცდომების შედეგი, რომელიც, პუტინის თქმითვე, ჯერ კიდევ უკრაინაში ომამდე დაიწყო. 

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა გასულ კვირას დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რადგან, მისი თქმით, დასავლეთი გარიგების პირობებს არ იცავდა და ამასთან, ღარიბ ქვეყნებს მარცვლეული არ მიეწოდებოდა. 

შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ რუსეთმა არაერთხელ დაბომბა უკრაინის პორტები და მარცვლეულის საწყობები. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა. 

ამავდროულად, რუსეთის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა. 17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

აქამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე თანახმა იყო. რეპორტიორებთან საუბრისას ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება, რომელიც 17 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თურქეთისა და გაეროს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გახანგრძლივდებოდა.

კომენტარები